ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები ასპინძის რაიონში, სოფელ თმოგვის არეალში და ვარძიის მიდამოებში არქეოლოგიური გამოკვლევების მორიგ ეტაპს იწყებენ. საუბარია რამდენიმე ყორღანულ ველზე, რომლის შესწავლა წლების წინ მიმდინარეობდა და შეჩერდა.
თსუ-მ ორი წელია, რაც აღადგინა ექპედიცია. ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, ამჯერად განსხვავებული მიზნები და ამოცანებია.
"აქ არსებული ყორღანები, დიდი ზომის სამარხები განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე ათასწლეულს. ეს უაღრესად შთამბეჭდავი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც განლაგებულია ე.წ. ბერთაყანის ქვაბულში. მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი ამ ყორღანებისა არის ის, რომ მიწის ზემოთ არსებული წრიული ქვაყრილების ქვეშ განლაგებული და აშენებული არის მეგალითური დარბაზული სამარხი ოთახები. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის სამარხებში გვხვდება კერამიკული ნაწარმი, ასევე, ლითონი. მაგრამ ისინი ტიპოლოგიურად განსხვავებული არიან იმ გარემოში აღმოჩენილი სხვა ნივთებისგან. უნიკალურია ამ სამარხების კონსტრუქციაც. ამჯერად დაგეგმილია მრავალფეროვანი ინტერდისციპლინალური სამუშაოს ჩატარება. გარდა არქეოლოგიური სამუშაოსი, ჩატარდება გამოკვლევები: ანთროპოლოგიური სახის გამოკვლევები, რაც აღმოჩენილი ადამიანის ნაშთების შესწავლას გულისხმობს მათი ასაკის, სქესის, დაავადების დადგენის მიზნით; პალინოლოგიური გამოკვლევები - ამ არეალში ძვ. წ. მესამე-მეორე ათასწლეულებში ეკოლოგიური გარემოს რეკონსტრუქცია და კვების რეჟიმის დადგენა", - განაცხადა მან.
საქართველოში პირველად თსუ-ის მეცნიერები კვლევებისთვის გამოიყენებენ დათარიღების კომპლექსურ ფიზიკურ მეთოდებს. ბერთაყანის ქვაბულში სამუშაო ერთ კვირაში, კვლევების ჩატარების ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება. ექსპედიცია დაახლოებით ერთ თვეს გასტანს.