დონორების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები: საქართველოში შობადობის სტატისტიკა იზრდება, ბავშვთა სიკვდილიანობა კი მნიშვნელოვნად მცირდება.
2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა შობადობა, შემცირდა ხელოვნური აბორტების რაოდენობა და იკლო ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევებმა.
შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2010 წლისთვის - 2.0 ბავშვი ერთ ქალზე, 25%-ით მეტია 2005 წლის კვლევისას გამოვლენილ ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქორწინებაში მყოფ ქალთა 35% აცხადებს, რომ სურს ჰყავდეს მეტი შვილი.
აღსანიშნავია, რომ 1999 წლიდან საქართველოში პირველად დაფიქსირდა უფრო მეტი ცოცხლად შობადობა ვიდრე ხელოვნური აბორტების რაოდენობა (1/0.8). ეს განპირობებულია შობადობის ზრდით და ხელოვნური აბორტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებით: ხელოვნური აბორტების ჯამობრივი კოეფიციენტი 2005 წელთან შედარებით 2010 წელს 48%-ით შემცირდა.
მნიშვნელოვანი კლებაა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკაშიც: 41.6 შემთხვევა ყოველ 1,000 ცოცხლად შობილზე - 1999 წელს, 21.1 შემთხვევა - 2005 წელს და 14.1 შემთხვევა - 2010 წელს (33%-იანი კლება 2005 წელთან შედარებით და 66%-იანი კლება 1999 წელთან შედარებით). იგივე ტენდენციაა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვილიანობის კუთხითაც.
თუ ერთმანეთს შევადარებთ 1999, 2005 და 2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანალოგიურ კვლევებს შეიძლება ითქვას, რომ კვლევის ყველა მიმართულებით სტაბილურად პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.
საქართველოში 2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგებისადმი მიძღვნილ პრეზენტაციას და შესბამის კონფერენციას საქართველოს პირველი ლედი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის, გაეროსა და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის 2010 წლის კვლევა მესამე ეროვნული კვლევაა, რომლის მიზანი იყო საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით გამოევლინა მოსახლეობის დემოგრაფიული და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი დინამიკა საქართველში. კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით და დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ატლანტა, აშშ) ტექნიკური დახმარებით ჩატარდა.