საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ,,ქართულ ოცნებს და მის მხარდამჭერ ოპოზიციურ ფრაქციას ხალხის განაჩენს დაპირდა.
დღევანდელ პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას წიკლაურმა ფრაქციას ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, სახელი შერუცვალა და ,,ბალალაიკას,, სახელწოდებით რამდენჯერმე მოიხსენია.
მისი თქმით, მმართველი გუნდი გულწრფელად საუბრობს საქართველოს მოქალაქეთა წუხილზე.
,,ფრაქცია "ბალალაიკამ" კი ჩვენს პარლამენტს ახალი სტრატეგია შესთავაზა, რომელიც თითქოსდა სხვადასხვა რეგიონების პრობლემების მოსაგვარებლად არის მიმართული. კარგად მესმის, რომ ფრაქცია "ბალალაიკა" და სხვა ოპოზიციური ძალები წინასაარჩევნოდ სულ უფრო და უფრო სოციალური პოპულიზმით და ისეთი დაპირებების გაცემით იქნებიან დაკავებულები, რომელთა შესრულებაც წარმოუდგენელია. თქვენი და თქვენი ლიდერების მცდელობების მიუხედავად, საქართველოში შენება და განვითარება არ შეჩერდება. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ნგრევის ერთ-ერთი აპოლოგეტის გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხიდებს და კომუნიკაციებს დაანგრევს. ეს იყო მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, მაგრამ როცა ნგრევასა და შენებას შორის არჩევანია, ვფიქრობ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რომ თქვენი პოლიტიკური დაცემის მოახლოება ამ არარაციონალურ აზროვნებას ბადებს. ელოდეთ, რომ ოქტომბერში ქართველი ხალხი განაჩენს გამოგიტანთ", - მიმართა ოპონენტებს წიკლაურმა.
მან აქვე გააქილიკა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაშვებული შეცდომა, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონად "სამცხე-მთიანეთი" მოიხსენია.
"თუ რამდენად კარგად იცნობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს რეგიონებსა და იქ არსებულ პრობლემებს, მათივე ლიდერის გამონათქვამიდან კარგად გამოჩნდა, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს "სამცხე-მთიანეთი" უწოდა. ეს მართლაც გაუგონარი სიტყვათშეთანხმება და გაუგონარი ადგილია, რომელიც არავინ იცის, საქართველოში სად მდებარეობს", - დასძინა დეპუტატმა.