პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს სასამართლოში ცილისწამებლური გამონათქვამებისთვის უჩივლებს, რომლებიც მან იმასთან დაკავშირებით გააკეთა, თითქოს იულია ტიმოშენკოს უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ევგენი შებანის მკვლელობის საქმესთან შესაძლოა კავშირი ჰქონდეს. ეს განცხადება ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ გაკეთა.
შეგახსენებთ: გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა "Bloomberg"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დაპატიმრებული ექს-პრემიერი შესაძლოა დეპუტატ ევგენი შებანის მკვლელობის საქმეში გარეული აღმოჩნდეს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტიმოშენკოს დანაშაულები "მთელი მსოფლიოსთვის საიდუმლო არ არის - ეს მოხდა. მათ შორის შენაბის მკვლელობა".
უკრაინის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა დღეს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის გენერალურ პროკურატურას საკმარისი სამხილი აქვს იმისთვის, რომ უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს 1996 წელს დეპუტატ ევგენი შებანის მკვლელობაში თანამონაწილეობის გამო ბრალი წაუყენოს. ასევე საუბარია რამდენიმე ანალოგიურ დანაშაულზე.