საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძისა და ისრაელის ქნესეთის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის დღევანდელ შეხვედრაზე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ისრაელის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს.
"მე საქართველო 16 წლის წინ დავტოვე და არ მჭირდება იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. ამჟამად მე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დეპუტატი ვარ და ერთი რამ ზუსტად ვიცი, სახელმწიფოს კონფესიათა შორის ურთიერთობაში ჩარევა არ შეუძლია. რელიგიურ კონფესიათა შორის ურთიერთობაში დემოკრატიული სახელმწიფო ვერ ერევა", - განაცხადა ქნესეთის დეპუტატმა ნინო აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი ბაქრაძემ დაახლოებით ორი თვის წინ, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში განიხილა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბაქრაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.