„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა სამგორის რაიონში სტუდენტებთან შეხვედრისას განათლების სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრეს. გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და ჯაბა სამუშიამ ახალგაზრდებს განათლების საკითხებთან დაკავშირებით „ქრისტიან-დემოკრატების" უმაღლესი განათლების პროგრამა გააცნეს. პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დასაქმება და ასევე სწავლის საფასურის შემცირება.
მოძრაობის ლიდერის განცხადებით, განათლების სწორი პოლიტიკის შემთხვევაში არ დარჩება არცერთი სტუდენტი, რომელსაც არ ექნება დაფინანსება. გიორგი თარგამაძის თქმით, ამისათვის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გათვალისწინება უნდა მოხდეს.
„ქრისტიან-დემოკრატების" აზრით, იმ ფონზე როდესაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება სასურველია, რომ განათლების ბიუჯეტიც დამატებით 20 მილიონი ლარით დაფინანსდეს.
„ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს იმ სურათის შეცვლას რაც დღეს გვაქვს, როდესაც 10-დან მხოლოდ 3 სტუდენტს მიუწვდება ხელი სასწავლო სტუდენტურ გრანტზე, ჩვენი წინადადება ითვალისწინებს იმას, რომ ათივე სტუდენტი მიიღებს 50%-იან დაფინანსებას ანუ 1125 ლარს 2250 ლარიდან, დარჩენილი 50% კი მიიღებს კიდევ უფრო მეტს თავიანთი შედეგების გათვალისწინებით 75%-იან ან 100% დაფინანსებას" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.