უკრაინის გენერალურ პროკურატურას საკმარისი სამხილი აქვს იმისათვის, რომ უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს 1996 წელს დეპუტატ ევგენი შებანის მკვლელობაში თანამონაწილეობის გამო ბრალი წაუყენოს. ასევე საუბარია რიგ ანალოგიურ დანაშაულზე. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა "კომერსანტ-უკრაინასთან" საუბარში გააკეთა.
"ჩვენ გვაქვს საკმარისი დამადასტურებელი იმისა, რომ ტიმოშენკო ამ მკვლელობებში გარეულია და ჩვენ მისთვის ბრალის წაყენებას ვაპირებთ. ხელისშემშლელი მიზეზი კი რომლის გამოც ჩვენ ამ ბრალის წაყენებას მისთვის ვერ ვახერხებთ მისი ხანგრძლივი ავადმყოფობაა. სწორედ ეს გვიშლის ხელს ჩავატაროთ შესაბამისი მოქმედებები მის გამოჯანმრთელებამდე.
ჩვენ გვაქვს საკმარისი დამადასტურებელი მასალა იმისა, რომ იულია ტიმოშენკო დაინტერესებული იყო ევგენი შებანის გარდაცვალებაში. გვაქვს მონაცემები მის მიერ კონტროლირებადი ანგარიშიდან თანხების გადარიცხვების შესახებ. გვაქვს მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები , რომლებიც მას მკვლელობების ორგანიზატორად და დამფინანსებლად ასახელებენ. ჩვენ გვაქვს რუსლან შებანის (მოკლულის შვილი) განცხადება, რომლებიც მას მამის კვლელობაში პირდაპირ დამნაშავედ ასახელებს",_ აცხადებს კუზმინი.
მისივე თქმით, ბრალს ტიმოშეკოს მანამ ვერ წაუყენებენ, ვიდრე ის არ გამოჯანმრთელდება, თუმცა პროკურატურა ასევე შიშობს, რომ ეს ავადმყოფობა თავდაცვის ერთგვარი საშუალებაა და იგი შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, აცხადებს კუზმინი, გამომძიებელმა, შესაძლოა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნოს იმისათვის, რათა გაარკვიოს შეძლებს თუ არა ტიმოშენკო მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში.
"ჩვენს პრაქტიკაში ხდებოდა, რომ ბრალდებულები დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდნენ. ამგვარ შემთხვევებში გამომძიებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ნიშნავს და მას პროფესიონალი ექსპერტები ატარებენ. ისინი ამოწმებენ ავადმყოფს და ადგენენ რამდენადაა ავად ადამიანი. მიმაჩნია, რომ ჩვენ დაველოდებით ამ საქმეზე სასამართლოს წარმოებას - ხომ არ შეიძლება ის მუდამ ავად იყოს და ოდესმე ხომ გამოჯანმრთელდება", _ აცხადებს გენპროკურორის პირველი მოადგილე.
ამას გარდა, მისივე თქმით, უკრაინის გენერალური პროკურატურა ასევე ამოქმებს უკრაინის გენპროკურორის იულია ტიმოშენკოს თანამონაწილეობას პავლე ლაზარენკოსა და სხვა მსგავს საქმეებში თანამონაწილეობის შესახებ.
"კუშნირის ბანდა პაველ ლაზარენკოს ემსახურებოდა. ეს ბანდა ასრულებდა მის ყველა დავალებას და იულია ტიმოშენკოს ინტერესებში მოქმედებდა. ეს ფაქტი გამოძიებითაა დადასტურებული და ჩვენ არ გვაქვს არავითარი ეჭვი იმისა, რომ კუშნირის ბანდა ლაზარენკოსა და ტიმოშენკოს ინტერესებში მოქმედებდა. გამოძიებით დადგენილია, რომ ეს ბანდა 25 მკვლელობის საქმეშია გარეული",_ აცხადებს რენატ კუზმინი.
აღსანიშნავია, რომ ევგენი შებანი და მისი მეუღლე დონეცკის აეროპორტში 1996 წელს მოკლეს.ამჟამად პავლე ლაზარენკო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით სასჯელს აშშ-ს ციხეში იხდის, ხოლო იულია ტიმოშენკო - თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით უკრაინაში, ხარკოვის კოლონიაში ზის. ლაზარენკო აშშ-დან ხოლო ტიმოშენკო უკრაინიდან ახალ ბრალდებებს უარყოფენ.