აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით შეთანხმების პირობებს არ არღვევს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. კალანდაძის განმარტებით, ორ მხარეს შორის შეთანხმება უმთავრესად ეხებოდა იმას, რომ მომლოცველებსა და ტურისტებს დავით გარეჯის მონასტრის ყველა საინტერესო ნაწილის შეუფერხებლად ნახვის საშუალება ჰქონოდათ.
"ეს შეთანხმება ძალაშია. უდაბნოს მონასტრამდე მისვლის და მისი მონახულების საშუალება ყველას აქვს. ასე რომ, შეთანხმება სრულდება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ და აღნიშნა, რომ დავით გარეჯის მონასტრის სადავო ტერიტორიაზე ამ დროისთვის ორივე მხარის სასაზღვრო წარმომადგენლები პატრულირებენ.
გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონმა კირიონმა 15 ივნისს განაცხადა, რომ გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან. მისი თქმით, 21 მაისს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია 10 სამუშაო დღეში უნდა დაეტოვებინათ, თუმცა 20 დღეზე მეტი გავიდა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უდაბნოს მთის თხემი არ დაუტოვებიათ.