დღეს, 18 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანთროპოლოგიური გამოფენა „კეკელა - აღდგენილი წარსული" გაიხსნება. გამოფენა ასახავს 2011 წლის ივნისში დედათა მონასტრის ეზოში აღმოჩენილი XIX საუკუნის აკლდამას და მასში დაკრძალული ნეშტის კომპლექსური კვლევის საფუძველზე ერთი ქალბატონის აღდგენილ წარსულს.
გამოფენის გახსნას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დაესწრებიან.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით დედათა მონასტრის ეზოში ჩატარებულ არქეოლოგიური გათხრებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგებიც ჩაერთნენ, აღმოჩენილი მასალის საფუძველზე, თსუ-ის პროფესორებმა არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, პალინოლოგიური და ჰერალდიკური მონაცემების გათვალისწინებით, აკლდამაში აღმოჩენილი ქალბატონის ვინაობა დაადგინეს და მისი ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები აღადგინეს.
მკვლევართა აზრით ქალბატონი თავად-აზნაურთა წრიდან უნდა ყოფილიყო. ქალბატონზე აღმოჩენილ საქორწინო ბეჭედზე დატანებული რუსული ინიციალებით „ФТ 9 Ноября 1828" ქალბატონის ვინაობის გარკვევას შეუდგნენ. 1850 წელს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-სთვის შედგენილ ქართველ თავადაზნაურთა საოჯახო სიაში მოხსენიებულია თაზიშვილი ფადეი დიმიტრის ძე (Тазиевы Фадей) თავის ოჯახთან ერთად - მეუღლე - კეკელა, შვილები: თეიმურაზი, რაჟდენი და ევგენია. XIX საუკუნის ქართველ თავად-აზნაურთა შორის, თაზიშვილი ფადეი ის ერთადერთი პირია, რომელიც ბეჭდის ინიციალებს ემთხვევა. მკვლევართა აზრით სწორედ ფადეის მეუღლის - კეკელას ნეშტი იქნა აღმოჩენილი დედათა მონასტერის ეზოში.
ქალბატონი დაკრძალული იყო აბრეშუმის ზედატანით და ხელთათმანებით, სელის ქვედატანით და შალის წინდებით; გამოფენაზე აღმოჩენილი ატრიბუტების ნაწილიც იქნება წარმოდგენილი.
მკვლევარებმა გარდაცვლილის ასაკიც დაადგინეს - კეკელა თაზიშვილი 35-40 წლის იყო, მუცლის დაავადება აწუხებდა და გარდაცვალების წინა დღეებში ის ვაზის ტალარით დახურულ ეზოში ტრიალებდა. ცხოვრების ეპიზოდების აღდგენა ფიზიოლოგიური სტრესის მარკერებით მოხდა, რომელთა საფუძველზე ჯანმრთელობის შეფასება და ცხოვრების დონის რეკონსტრუქცია გახდა შესაძლებელი.