უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციით გამოდის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარების ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეების გადამოწმების პროცესის შეჩერებას სთხოვს.
კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის 31 მაისს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც მოუწოდა ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობას, ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს საარჩევო პროცესში თავი შეეკავებინათ დაგეგმილი ან შესაძლო ოტპიმიზაციის პროცესისგან და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიეღოთ შესაბამისი ზომები. რის შემდეგად აღნიშნული რეკომენდაციის გამოცემის შემდეგ, კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, საჯარო სკოლებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს დაქვემდებარებულ უწყებებში სამსახურიდან გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
უწყებათაშორისი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ასეთი ფაქტი უწყებათაშორის კომისიას "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" მიაწოდა.
"სადამკვირვებლო ორგანიზაციის ცნობით, მათი ორგანიზაციის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კოორდინატორ ქ.პ-ზე, რომელიც ამავდროულად ადგილობრივი საჯარო სკოლის პედაგოგია, ხოლო მისი ოჯახის წევრი პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, სკოლის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლების მითითება ჰქონდა", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, საკითხის გარკვევის მიზნით, მოკვლევა ჩაატარა. მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელს გიორგი არევაძეს მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია სკოლის დირექტორებთან. გიორგი არევაძის განმარტებით, საუბარი შეეხებოდა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური კამპანიის წარმოების დაუშვებლობას, რაც სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვას ან სკოლაში დასაქმებული პერსონალის ოჯახის წევრების პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიის გამო მათ სამსახურიდან დათხოვნას არ გულისხმობდა. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად სარწმუნოა მომხდართან დაკავშირებით რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინტერპრეტაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის შეფასებით, ცალკეულ პედაგოგებთან მიმართებით ამ ტიპის კომუნიკაცია უკვე წარმოადგენს დისციპლინარულ დარღვევას. აღნიშნული გარემოების გამო ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა 5 ივნისს თანამდებობა დატოვა.
განცხადებაში ნატქვამია, რომ უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნული შეხვედრების დროს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარებების შეჩერების ცალკეულ შემთხვევებზე, სადაც ისინი ამ გადაწყვეტილებების სავარაუდო მოტივად მოქალაქეთა პოლიტიკურ აქტივობას ასახელებდნენ.
გავრცელებულ განცხადებაში ნატქვამია, რომ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მიზნობრივი ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების განსაღვრას სარეიტინგო ქულების საფუძველზე ახდენს. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის შეფასება სოციალური აგენტის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ხდება და ოჯახში დამატებითი შემოსავლის ან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა კრიტერიუმის საფუძველზე გადახედვას ექვემდებარება.
განცხადებაში განმარტებულია, რომ უწყებათაშორისი კომისიისათვის მიწოდებული ინფორმაციებიდან ცალკეულ შემთხვევებში სოციალური დახმარების შეწყვეტის ფაქტი საერთოდ არ დასტურდება, ხოლო რიგ შემთხვევებში სოციალური დახმარების შეჩერების ლეგიტიმური საფუძველი არსებობდა, იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი შემდგომი ინსინუაციები ამ საკითხთან მიმართებით, კომისია რეკომენდაციას აძლევს: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სოციალური დახმარების ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება; შეისწავლოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დახმარების შეჩერების ის გადაწყვეტილებები, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები საკამათოდ მიიჩნევენ.