უშვილო წყვილსა და სუროგატ დედას შორის შეთანხმება ხელშეკრულებით და ნოტარიალურად გაფორმდება.
აღნიშნულს ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები.
კანონპროექტის თანახმად, ხელშეკრულებაში წყვილსა და სუროგატ დედას იმ საკითხებზე შეთანხმება შეეძლებათ, რომლებიც კანონმდებლობით არ იქნება დარეგულირებული.
კანონმდებლობით კი დადგენილი იქნება უშვილო წყვილის ვალდებულება, აანაზღაუროს ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის (ტექნოლოგიების) განხორციელებასთან და სუროგატი დედისათვის კანონით დადგენილი წესით სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებასთან.
ასევე, წყვილმა უნდა აანაზღაუროს სუროგატი დედის ორსულობასთან, მშობიარობასთან, მშობიარობის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებასა და დაბადებული ბავშვის სამშობიაროში მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები; სუროგაციის ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელი იურიდიული და სხვა მომსახურებისათვის არსებული ხარჯები; სუროგაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხარჯი, მათ შორის შესაძლო შემოსავლის დანაკარგი, თუ ანაზღაურება არ გულისხმობს სუროგატი დედის მიერ ფინანსურ მოგებას.
კანონპ-როექტითვე, უშვილო წყვილი ვალდებული იქნება დაიცვას სუროგატული დედის ვინაობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე მის შემდეგ, თუ ამას მოითხოვს სუროგატული დედა. სუროგატი დედის ეს სურვილი, წყვილსა და მას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში უნდა იყოს ასახული.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძეა.