29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ევროპის სახლის ინიციატივით თბილისში "ევროპის კვირეული 2012" გაიმართება. ყოველწლიური ღონისძიების მიზანია, გააღრმავოს კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით. წლევანდელი კვირეულის დისკუსიებისა და ლექციების გამაერთიანებელი თემაა სოციალური ტრანსფორმაცია.
ევროპის კვირეულის პრესკონფერენცია 29 მაისს, 13:00 საათზე, ევროპის სახლში გაიმართება.
როგორც კვირეულის ორგანიზატორები აღნიშნავენ, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი საინტერესო დისკუსია, ლექცია, გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია. ევროპის სახლი წელსაც უმასპინძლებს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელთაც საშუალება ექნებათ, ქართველ აუდიტორიას გაუზიარონ თავისი ხედვა და გამოცდილება საქართველოსა და ევროპისთვის აქტუალურ საკითხებზე. მონაწილეთა შორის იქნებიან ფრანგი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, ბრიტანეთის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები, ცნობილი ფოტოგრაფები, ფილოსოფოსები, მწერლები, ამერიკული და ევროპული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რუსული ოპოზიციის წევრები და პუბლიცისტები, სირიელი, ეგვიპტელი და ტუნისელი აქტივისტები.
სტუმართა შორისა ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე გლუქსმანი, მოძრაობის "სოლირადობა" აქტივისტი ილია იაშინი და პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი. სტუმართა შორის იქნებიან საერთაშორისო ჟურნალისტები,რომლებიც თანამშრომლობენ ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორიცაა: New York Times, The Economist, Sunday Express, Foregin Policy, The Independent და სხვა.
ტრადიციულად, ევროპის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება თბილისის ფოტოფესტივალი, წლევანდელი ფესტივალის პროგრამა შვიდ დიდ გამოფენას აერთიანებს, რომელებიც თანამედროვე ფოტოგრაფიის ყველა მიმართულებას მოიცავს, ფოტოჟურნალისტიკიდან კონცეფტუალურ ფოტოგრაფიამდე. ამერიკელი ფოტოგრაფის, სტენლი გრინის "ჩეჩნეთის გზაზე", თანამედროვე ირანელი ქალი ფოტოგრაფების ჯგუფური გამოფენა, სირიაში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია, ჯგუფური გამოფენა "შავი ზღვის ფერები" (1960-2010) - თანამედროვე ფოტოგრაფიის ათი ცნობილი ფოტოგრაფის მონაწილეობით, მე-19 საუკუნის კავკასიური პორტრეტის გამოფენა, ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის, "დედა ენა" (2011-2012) დაბოლოს, 2 ივნისს, "ფოტოგრაფიის ღამე" - ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ.