25 მაისს, მაშინ, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან მედიის უფლებების დასაცავად ჟურნალისტთა აქცია მიმდინარეობდა, კონტროლის პალატაში ჟურნალისტზე ზეწოლის მორიგი ფაქტი მოხდა. გაზეთ „გურია ნიუსის" ჟურნალისტს, თამარ ლეფსვერიძეს და მის წარმომადგენელს, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნათია კაპანაძეს საჯარო პროცესზე პირადი ნივთების, მათ შორის, დიქტოფონისა და ლეპტოპის შეტანის უფლება არ მისცეს, ისინი საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ ყველა ნივთი დაცვის თანამშრომლებისთვის ჩაებარებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს სრული უფლება ჰქონდა, იმ საჯარო პროცესის აუდიოჩანაწერი გაეკეთებინა, რომელზეც მხარეს თავად წარმოადგენდა, კონტროლის პალატის თანამშრომლების - შიდაგანაწესის სამსახურის უფროსის (როგორც თავად წარმოადგინა თავი), ჯიმშერ დობორჯგინიძისა და პრესსამსახურის უფროსის, ფატი მამიაშვილის მხრიდან კატეგორიული უარი მიიღო. ამის შემდეგ კი დობორჯგინიძემ ჟურნალისტისთვის დიქტოფონის წართმევა სცადა.
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის" მომხდარს ვაფასებთ, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას და ხელის შეშლას, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა.
კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ ჩადენილ ქმედებაში აშკარად იკვეთება დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, რაც დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საფუძველია. მივმართავთ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს, შეისწავლოს აღნიშნული საქმე, მათ შორის, ის აუდიო მასალა, რომელიც მისი თანამშრომლების მხრიდან განადგურებას გადაურჩა, იმსჯელოს საკუთარი თანამშრომლების დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე და გამოიტანოს ადეკვატური გადაწყვეტილება.