რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროიდან ქართველებისათვის კარგად ნაცნობი რუსული არმიის გენერლის ანატოლი ნოგოვიცინი რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"დათხოვილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან გენერალ-პოლკოვნიკი ნოგოვიცინი ანატოლი ალექსეის ძე", _ ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
შეგახსნებთ, რომ რუსული საოკუპაციო არმიის გენერალი ანატოლი ნოგოვიცინის რუსეღის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 3 მაისს გავრცელდა. მაშინ ნოგოვიცინს ასევე კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობა დაატოვებინეს. ინფორმაცია ამის შესახებ "ოდკბ"-ს პრესსამსახურმა გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაციით ნოგოვიცინის თანამდებობიდან და არმიის რიგებიდან დათხოვნის მიზეზი ასაკია.
"თავდაცვის მინისტრის მიმართვასთან დაკავშირებით, განხილული იყო კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი ნოგოვიცინის გათავისუფლების საკითხი, რუსეთის ფედერაციის შეიარაღბული ძალებიდან მის დათხოვნასთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურში ყოფნის გაკვეულ ასაკამდე მიღწევის გამო", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ანატოლი ნოგოვიცინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობას რუსული მხრიდან "აშუქებდა" და ქართულ მხარეს თითქმის ყოველ ნახევარ საათში სხვა და სხვა სახის ულტიმატუმებს უყენებდა.
1952 წელს დაბადებული ანატოლი ნოგოვიცინი 2008 წელს რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.
"ანატოლი ნოგოვიცინი არაერთგზის გამოდიოდა მედიით და კომენტარებს აკეთებდა რუსული არმიის მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოსთან ომის დროს და ფაქტიურად ამ პერიოდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ კომენტატორად იქცა", _ წერს თავად რუსული მედია.