საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით სერბეთის პრეზიდენტის ტომისლავ ნიკოლიჩის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს სერბ ხალხთან მსგავსი ისტორიული წარსული აქვს, სერბ და ქართველ ხალხებს კი - მჭიდრო კავშირი, რომელიც თან სდევს ქრისტიანობასა და კულტურულ ურთიერთობებს.
მისი თქმით, სერბეთის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ჩვენ გვახსოვს ასევე, რომ 90-იან წლებში ორივე სახელმწიფომ დიდწილად ერთნაირი ტრაგიკული წარსული და გამოცდილება გავიარეთ. ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ როგორც საქართველოს, ასევე სერბეთს არჩეული აქვს ევროპული გზა და მიისწრაფის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირი ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს საზღვრებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. შესაბამისად სერბეთის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ორმხრივი კონსულტაციების შემდეგ ნათელი მოეფინება ამ საკითხს და გაუგებრობა, რომელიც მასმედიით გავრცელებულმა განცხადებამ გამოიწვია სწრაფად აღმოიფხვრება.
სერბეთმა შესაძლოა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ რადიოსადგურ "ეხო მასკვის" სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა განუცხადა.