საქართველო ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც სამიტზე სამივე პარტნიორულ ღონისძიებას ესწრებოდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველო ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ამ სამიტზე სამივე პარტნიორულ ღონისძიებას ესწრებოდა და ეს ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ ნატო-სა და საქართველოს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს", - განაცხადა რასმუსენმა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის ოპერაციაში.
"თქვენი ჯარები გამორჩეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და დიდად ვაფასებთ თქვენს წვლილს. ეს არის თქვენი დამოკიდებულების ძლიერი დემონსტირება ტრანსატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი.ასევე, მსურს ის პროგრესი აღვნიშნო, რომელსაც შიდა რეფორმების პროცესში მიაღწიეთ. ნატო-საქართველოს კომისია შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისთვის", - განაცხადა რასმუსენმა.