"დემოკრატიული მოძრაობა" ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას ეწინააღმდეგება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პატიის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის თანამშრომელმა ქეთი ზაქარეიშვილმა განაცხადა, „დემოკრატიული მოძრაობა" კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნული ტიპის ცვლილებას, რადგან პირდაპირ ჩნდება სახელმწიფოებრივი ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ანუ სამართლებრივი კავშირი აქვს ერთ ქვეყანასთან, რაც თავისთავად ამ ქვეყნისადმი მის უფლებებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს, ხოლო მეორე მხრივ ეძლევა შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე ხელმისაწვდომობისა, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში ჩნდება ეროვნული უსაფრთხოების დაცვის პრობლემა.
"აღნიშნული ცვლილება ასევე არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შემცირებას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაც თავისთავად ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისათვის და ღირსეული საზოგადოებისათვის კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება უკვე მერამდენედ, საკუთარი პოლიტიკური ნება-სურვილის მიხედვით ცვლის ქვეყნის უზენაეს კანონს და "საუბარი ისეთ ფუნდამენტურ საკითხს რომ არ ეხებოდეს როგორიც ქვეყნის კონსტიტუციაა, აღნიშნული კიდევ ერთი ცვლილება უკვე კომიკურადაც კი გამოიყურება".
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საარჩევნო უფლებამოსილებებს ანიჭებს. მიღებული პროექტის თანახმად, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ასეთი შინაარსის ახალი 104/4 მუხლი ემატება: "2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ".
ზაქარეიშვილის ინფორმაციით, განხილვისას პარლამენტარების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ჩატარდა სახალხო განხილვები, სადაც თითქოსდა ცალსახად დაფიქსირდა მოსახლეობის მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ. აღსანიშნავია, რომ NDI-ის ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობა" ამ შეხვედრებს ატარებდა მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც დაკომპლექტებული იყო მათივე თანამოაზრეებით.
მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობის" წევრები დაესწრნენ ამ შეხვედრებს რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში და ახალციხეში და დანამდვილებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. იგივეს ემსახურება არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებითაა ნაკარნახევი, ვითომდა წინასაარჩევნოდ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრებისა და საზოგადოების პოლარიზების თავიდან აცილების მიზნით.
"საყურადღებოა მეორე საკითხიც, თუ რატომ ენიჭება უპირატესობა მაინცდამაინც ევროკავშირის წევრ მოქალაქეს. თუ ვსაუბრობთ კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე პოლიტიკური კანდიდატებისთვის განურჩევლად მათი მოქალაქეობისა, საკანონმდებლო ინიციატივის ამგვარი დეფინიცია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენებს ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებიც ამავე დროს არც საქართველოს მოქალაქეები არიან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.