"რუსეთის ფედერაცია კავკასიის რეგიონის ქვეყნებს პოზიტიურ სიგნალებს უგზავნის", _ ეს განცხადება ევროპისა და აზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერიკ რუბინმა კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა, როდესაც ობამას ადმინისტრაციის მიერ კავკასიაში წარმოებულ პოლიტიკას მიმოიხილავდა.
ერიკ რუბინის აზრით, მოსკოვში ესმით, რომ თბილისთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება აუცილებელია. დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წელს ჩატარებბულ გამოკითხვებზე, რომელთა მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეების უმეტესი ნაწილი, ისევე როგორც საქართველოს მცხოვრებლები, ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან. საინტერესოა, რომ საქართველოში, სადაც მოსახლეობის 60 % პრეზიდენტის მმართველი გუნდის მომხრეა, მოსახლეობის ორი მესამედი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ემხრობა.
"მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობა ურთიერთობების გაუმჯობესებით დაინტერესებულია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად", _ განაცხადა რუბინმა და დასძინა: "რუსეთის მხრიდანაც ისმის განცხადებები ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ საქართველოსთან, თუმცა პუტინი ამაზე საუბრისას სააკაშვილის რიტუალურ გაკიცხვას მიმართავს ხოლმე".
"პოზიტიურ სიგნალებზე" საუბრისას ერიკ რუბინმა შარშან მოსკოვსა და თბილისს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული - რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება დაასახელა.
"ამ შეთანხმებამ ორივე მხრიდან კომპრომისული ნაბიჯები მოითხოვა და შესაძლებლობა იმისა, რომ ამგვარ ნაბიჯამდე მისვლა შეიძლება პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნიოთ. რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების ნორმალიზაციას შეუწყობს ხელს. მოსკოვში ახლა საუბრობენ ქართული პროდუქტების მიმართ არსებული აკრძალვების გაუქმებაზე და ჩვენ მოვლენათა განვითარებას მივადევნებთ თვალს", _ აცხადებს ერიკ რუბინი.
"ასევე, თვალს ვადევნებთ რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების გაზრდას საქართველოში და პირიქით. რუსეთი გამოვიდა წინადადებით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. თუცა ორ ქვეყანას შორის არსებობს სერიოზული პოლიტიკური უთანხმოება, ამიტომაც ჩვენ ვერც მხარს დავუჭერთ და ვერ შევეწინააღმდეგებით მოსკოვის ამ ინიციატივას. პრეზიდენტ მედვედევისა და პრემიერ პუტინის მიერ რამდენიმე ხნის წინ გაკეთებული განცხადებების განხილვა, ჩემი აზრით, პოზიტიურ სიბრტყეშია განსახილველი. ამავე დროს, ისინი აგრძელებენ კრიტიკულ საუბარს საქართველოს პოლიტიკასა და პრეზიდენტ სააკაშვილზე და მე არ ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები შეწყდება. მიმაჩნია, რომ არც საქართველო და არც რუსეთი ხილულ მომავალში არ გააკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი შეცდომა იყო და მოვიდა დრო ყველაფრის დავიწყებისა. არ ვფიქრობ, რომ მოვლენათა განვითარების ამგვარი ვარიანტი შესაძლებელია. შეგიძლიათ მე დამადანაშაულოთ იმაში, რომ მე სასურველს შესაძლებლად ვაცხადებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პოზიტიური სიგნალები რუსულ პოლიტიკაში კავკასიის მიმართ, სუსტი, მაგრამ მაინც არსებობს", - აცხადებს იგი.
ერიკ რუბინი ასევე აცხადებს, რომ აშშ თანამიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და "არასოდეს არ აღიარებს" გამოყოფილ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მისი თქმით, აშშ აქტიურად მიუწოდებს სხვა ქვეყნებსაც, არ აღიარონ ისინი.
"ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ლეგიტიმურ მისწრაფებას უკეთესი ცხოვრებისკენ", _ აცხადებს დიპლომატი და დასძენს, რომ აშშ მიესალმება საქართველოს მცდელობებს, აღადგინოს კავშირი ამ რეგიონების მოსახლეობასთან, თუმცა ისინი იძულებით გადაადგილებული პირების გადაუწყვეტელი პრობლემების გამო რთულდება".
დიპლომატმა აღიარა, რომ ამ საკითხში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოება რჩება, დარწმუნება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ვერ შეუშლიან ხელს აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებს და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული პოლიტიკა კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
"კავკაზ -2012"-სა და ჩერქეზების გენოციდის აღიარების შესახებ
კითხვაზე, რომელიც შემოდგომაზე რუსეთის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ სტრატეგიულ წვრთნას "კავკაზ-2012"-ს ეხება (რომელიც, საქართველოსგან გამოყოფილი ტერიტორიების გარდა, სომხეთშიც ჩატარდება), ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ აშშ-ს არაერთგზის განუცხადებია რუსეთისთვის, რომ იგი შეშფოთებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ყოფნით.
"ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვერ ვაღწევთ შეთანხმებას იმ მიდგომის მიმართ, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას შეცვლიდა. ნებისმიერი მანევრი, რომელიც ამ ტერიტორიებზე ხორციელდება, ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ამავე დროს, შთაგონებულნი ვართ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე რუსეთის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომ ეს სწავლებები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ და არ არის საფრთხე მეზობელი სახელმწიფოებისთვის. გვინდა გვჯეროდეს რუსეთის ამ საკითხში, მაგრამ ვიმეორებ, ნებისმიერი შეიარაღებული სამხედროს ყოფნა ტერიტორიებზე, რომლებსაც ჩვენ ქართულად მივიჩნევთ, ჩვენს შეშფოთებას იწვევს", _ აცხადებს ერიკ რუბინი.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მოვლენების შესაძლო განვითარების "საუკეთესო" სცენარად ერიკ რუბინი საქართველოს "ამ ტერიტორიების მოსახლეობებთან კავშირების თანდათან აღდგენას ასახელებს".
"საუბარი მიდის თანდათანობით ფსიქოლოგიურ და ეკონომიკუ რეინტეგრაციაზე, რომელიც საბოლოო ჯამში პოლიტიკურ დარეგულირებამდე უნდა მივიდეს. ეს საუკეთესოა, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს. ჩვენ არ გვჯერა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლად არსებობის პროექტის სიცოცხლისუნარიანობაზე, არ მიგვაჩნია ეს პროექტი წარმატებულად და მას ვერ მივიღებთ. ჩვენი მხრიდან, დაინტერესებულნი ვართ ამერიკელებსა და ამ ტერიტორიების მცხოვრებლების პირდაპირი კონტაქტით. ჯერ ვერ მოვახერხეთ სამოქალაქო გაცვლის პროგრამებში სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლების ჩართვა, თუმცა უკვე გვყავდა ჩამოყვანილი ახალგაზრდობა აფხაზეთიდან აშშ-ში".
"აშშ-ს არ აქვს სურვილი, დაიკავოს ესა თუ ის პოზიცია, ისეთ ისტორიულ საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების გენოციდია აღიარება". როგორც ცნობილია, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩერქეზების გენოციდი აღიარა. ერიკ რუბინი ამ საკითხს სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს (ოლიმპიადის ბოიკოტის წინადადებები საქართველოსა და ჩერქეზულ დიასპორაში ჟღერს).
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სოჭის ოლიმპიადის წინ ურთიერთობები გავაუმჯობესოთ", _ აცხადებს ერიკ რუბინი და დარწმუნებას გამოხატავს, რომ ორივე მხარე ამ მიზანს იზიარებს - კითხვა ისაა, თუ როგორ მივაღწიოთ ამას".
ჯეკ მეტლოკის კომენტარი
ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა და აღნიშნა ისიც, რომ ამ კონფლიქტის დაწყებამდე აშშ არავითარ შემთხვევაში არ აქეზებდა თბილისის მხრიდან ძალის გამოყენებას.
"მე პირადად ვიცი და დიპლომატიური მიმოწერის რაღაც ნაწილი საჯარო გახდა კიდეც. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს ქართული მხარისთვის, რომ ძალის გამოყენება არაფერს შეცვლის და მხოლოდ საშიშად წაიყვანს მდგომარეობას დესტაბილიზაციამდე", - განაცხადა დიპლომატმა და დასძინა: "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ზუსტი სიგნალები გავაგზავნეთ".
"მიგვაჩნია, რომ შეცდომები იყო ყველა მხრიდან და ეს ტრაგიკულ შედეგამდე მივიდა", _ განაცხადა მან.
ამ საუბრის დამსწრე, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში ჯეკ მეტლოკი (რომელსაც ერიკ რუბინი თავის მასწავლებელს უწოდებს) აცხადებს, რომ მთლიანობაში ეთანხმება ერიკ რუბინის გამონათქვამებს.
"ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის დათბება და მედვედევსაც და პუტინსაც უნდა ესმოდეთ, რომ კავკასიაში დაძაბულობა რუსეთის ინტერესებში არ შედის. როგორიც არ უნდა იყოს მათი პირადი დამოკიდებულება პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ - მათსავე ინტერესებშია დაძაბულობის მოხსნა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება, მაგრამ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების მაგალითი საჩვენებელია. მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთი მაგალითი ბევრი იქნება".
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი "ზედმეტად მგრძნობიარეა".
"მე, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ უნდა ეფიქრა მას, რომ ძალით დაამყარებდა კონტროლს სამხრეთ ოსეთზე ან აფხაზეთზე. ამან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უკან დახია. მას ეკონომიკის გაუმჯობესებაზე უნდა ემუშავა, რათა განდგომილი რაიონებისთვის იგი უფრო მიმზიდველი გაეხადა".
საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჩიკაგოში არ მოხდება
ერიკ რუბინის აზრით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.
"საქართველო აძლიერების ვაჭრობას დასავლეთ ევროპასთან, აშშ-სთან, თურქეთთან, ასევე რუსეთთან, ამ ქვეყნიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვით", _ განაცხადა ერიკ რუბინმა. მან აღნიშნა საქართველოს წვლილი ავღანეთის ოპერაციაში და განაცხადა, რომ ეს წვლილი მაისში დაგეგმილ სამიტზე აღნიშნული იქნება, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არავინ უნდა ელოდოს.
"ჩიკაგოს შეხვედრაზე სხვა დღის წესრიგი იქნება, მაგრამ ჩვენ ალიანსის სხვა ქვეყნებთან ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ", _ განაცხადა ერიკ რუბინმა
საქართველოში დემოკრატიის მომავალი განვითარება გარანტირებულია
ერიკ რუბინმა შეაფასა საქართველოს წარმატებები კორუცფიასთან ბრძოლაში და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ამ სფეროში ქართველი კოლეგების გამოცდილება გაიზიაროს. ერიკ რუბინმა ასევ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში გარანტირებული არ არის. მისი თქმით, საქართველოში მოსალოდნელი არჩევნები და ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა არის სერიოზული გამოწვევა საქართველოს ხელისუფლებისთვის.
"საქართველომ გამოაცხადა, რომ მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს და ჩვენ ყველაფერს შესაძლებელს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ამაში დავეხმაროთ. საქართველოს ესმის, რომ ამ არჩევნების ჩატარებას მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალს", _ აცხადებს ერიკ რუბინი.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ კოლეგებს ურჩევს, "ენდონ ამომრჩევლებს".
"ცხადია, რომ საქართველოს მთავრობას საზოგადოების სოლიდური მხარდაჭერა აქვს, რაც მტკიცდება კიდეც გამოკითხვებით, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ".
ერიკ რუბინმა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურაზე ან იმ ფინანსური რესურსების კომენტირებაზე, რომლის ამოქმედებაც მას შეუძლია წინასაარჩევნო კამპანიის დროს, უარი განაცხადა.
ერიკ რუბინმა უსამართლო უწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ გამოხატულ კრიტიკას მათი მხრიდან, ვინც მიიჩნევს, რომ აშშ თვალს ხუჭავს ადამიანის უფლებების დარღვევაზე საქართველოში.
"მალე ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშს გამოვაქვეყნებთ, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას ეხება. ვფიქრობ, იქ იქნება საკმარისი კრიტიკა საქართველოს მისამართით. თუ თქვენ მოუსმენთ ჩვენს ელჩს თბილისში, ჯონ ბასს, რომელიც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, მაშინ დაინახავთ საკმაო რაოდენობის შენიშვნას მისი მხრიდან, რის გამოც მას, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს", _ განაცხადა ერიკ რუბინმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ცალკეული განაცხადები ქართული დემოკრატიის ხარვეზების შესახებ გადაჭარბებულია, თუმცა ნაწილი კრიტიკისა აშშ-ის მიერ გამართლებული და და მხარდაჭერილია.
ერიკ რუბინმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზეზი, რომ იამაყოს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში, თუმცა არის ისიც, რის გამოც იგი უნდა გააკრიტიკო.
"როცა ჩვენ მას ვაკრიტიკებთ, ვცდილობთ ეს კონსტრუქციულად გავაკეთოთ და ისინი ხშირ შემთხვევაში ამაზე დადებითად რეაგირებენ", _ განაცხადა ერიკ რუბინმა.