პარტია "განახლებული საქართველოსთვის" წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ "განახლებული საქართველოსთვის" წევრების მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა და მათი სარჩელები არ დააკმაყოფილა.
მათი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე გვრიტიშვილის თავმჯდომარეობით განიხილა მოქალაქეების: ლევან გვარმიანის, გიორგი ოძელის, ბესიკ მამულაშვილის, ომარ ჯოლიას, მარლენ ხუცურაულის და ლაშა გვასალიას სარჩელი საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნ. მოგელაძის 2012 წლის 27 აპრილის დადგენილების გაუქმების შესახებ. აღნიშნულმა პირებმა ა. წ. თებერვალ-აპრილის პერიოდში განახორციელეს ფულადი შემოწირულობები პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" საბანკო ანგარიშზე.
"შემოწირულებები განხორციელებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. კერძოდ, შემოწირული თანხის ოდენობა არც ერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა კანონით დადგენილის ზღვრულ ოდენობას. მეტიც, შეადგენდა ამ ზღვრის მცირე ნაწილს. მოგეხსენებათ, შემოწირული თანხის ოდენობის კანონით დადგენილ ზღვარს შეადგენს 60 000 ლარი.ამასთან, თანხები გადარიცხული იყო სრულიად გამჭირვალედ, შემომწირველის საბანკო ანგარიშიდან პარტიის საბანკო ანგარიშზე", - აცხდებენ ისინი.
მათი განცხადებით, კონტროლის პალატის პარტიების მონიტორინგის სამსახურმა 2012 წლის 27 აპრილს გამოიტანა დადგენილება ხსენებული პირების დაჯარიმების თაობაზე შემოწირული თანხის ათმაგი ოდენობით. შემომწირველებმა კანონით დადგენილ ათი დღის ვადაში, ე. ი. 2012 წლის 7 მაისს შეიტანეს სასამართლოში სარჩელი ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ.
"სასამართლომ გამოიჩინა არნახული ოპერატიულობა და მეორე დღესვე, ე.ი. 8 მაისს, ექვსივე სარჩელი გააერთიანა ერთ წარმოებად და საქმე განსახილველად დანიშნა 10 მაისის 11:00 საათისთვის. თვით შეტყობინება სასამართლო სხდომის დროის შესახებ დაბარებულ შემომწირველებს ჩაბარდათ 8 მაისს, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ. შემდეგი დღე - 9 მაისი გამოცხადებული იყო უქმე დღედ, სანოტარო ორგანოები არ ფუნქციონირებდნენ და, შესაბამისად, შემომწირველებმა ვერ მოახერხეს რწმუნების მიცემა ადვოკატისთვის. შემომწირველები კი აუცილებლად საჭიროებდნენ სამართლებრივ დახმარებას საქმის განხილვისას. 10 მაისს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე კი ამგვარი რწმუნების გაცემა ფიზიკურად შეუძლებელი იყო", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა შემომწირველებმა განუცხადეს სასამართლოს იმის შესახებ, რომ საჭიროებენ დამცველი ადვოკატის სამართლებრივ დახმარებას და მოცემული კალენდარული შეფერხების გამო ამ საკითხის მოგვარების საშუალება არ მიეცათ.
"სასამართლომ არანაირი ყურადღება არ მიაქცია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად მიჩნეულ პირთა ამ განცხადებას და უპასუხა, რომ არანაირი ადვოკატი საჭირო არ არის. საქმე განხილულ იქნა არსებითად, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, რითაც უხესად დაირღვა კანონი. გათელილ იქნა საყოველთაოდ აღიარებული დაცვის უფლება. ყოველივე განხორციელდა ცინიკურად და აშკარა მინიშნებით იმის შესახებ, რომ კანონის მოთხოვნა სასამართლოსთვის არანაირი არგუმენტი არ არის. რა თქმა უნდა, სასამართლომ გამოიტანა იგივე უსამართლო გადაწყვეტილება, რაც კონტროლის პალატის პარტიების მონიტორინგის სამსახურმა", - აცხადებენ ისინი.