პარტიამ "განახლებული საქართველოსთვის" გაავრცელა მინდია გულუას წერილი, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:
"ყოველთვის ინტერესითა და შიშით ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ინტერესით - იმიტომ, რომ მინდა, გავიგო, რა ხდება ჩემს მშობლიურ საქართველოში, შიშით კი - იმიტომ, რომ ვხედავ, როგორ მიექანება უფსკრულისკენ ქვეყანა. შიშის გრძნობა კიდევ უფრო გამიმძაფრდა გუშინდელი ქუთაისური ზარ-ზეიმის ფონზე, როცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს დროზე თუ არ ვუშველეთ, ყვავ-ყორნები დაჯიჯგნიან და მერე ვის სჭირდება სისხლისგან დაცლილი, ოდესღაც ამაყი და დღეს ნამუსახდილი იბერია?! შემეშინდა ტრიბუნაზე "ამაყად~ მდგარი პრეზიდენტის, რომელმაც უხვად მიმოაბნია "მარგალიტები~ და მისთვის ჩვეული "დამაჯერებლობით~ კიდევ ერთხელ "დაგვაბრმავა" და "დაგვაყრუა". შემეცოდნენ ჩემი თანამემამულეები, რომლებიც "მი-შა~, "მი-შა~-ს სკანდირებით ხელს აწერენ უზნეობის, სიცრუისა და დემაგოგიის დამკვიდრებას საკუთარ ქვეყანაში. მე შემეცოდნენ ქანდარაზე მჯდომი ახალგაზრდები, რომელთა მომავალი, დღევანდელი გადასახედიდან, გაურკვეველია.
სააკაშვილის ზღაპრების შეფასებას დეტალურად არ შევუდგები (ეს თავიდან ბოლომდე დემაგოგიაა). ყურადღებას გავამახვილებ იმ "აღმოჩენებზე~, რომელიც ყველაზე მეტად შეეხო ჩემი სულის სიმებს და ამაფორიაქა. ყველაფერს აქვს საზღვარი, ბატონებო, მათ შორის - დემაგოგიას, მით უფრო, თუ იგი საფრთხეს უქმნის შენი ქვეყნის ინტერესებს. გუშინ პირველად გავიგე, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ქართული ენა არ სცოდნიათ და სოხუმზე სიმღერები თურმე, ქართულად არ იწერებოდა; რომ აფხაზეთი იმ ავადსახსენებელ ომამდეც არ შედიოდა საქართველოს იურისდიქციაში; რომ აჭარის "დაბრუნება~ საქართველოსთვის "ვარდების რევოლუციის" მთავარი მონაპოვარი ყოფილა... ამას ამბობს პრეზიდენტი, რომელმაც დავით აღმაშენებლის, საქართველოს გამაერთიანებლის გვირგვინის მორგება მოინდომა, მაგრამ სინამდვილეში სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა თავი _ არათუ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეძლო, კიდევ უფრო შეამცირა და თავისი დემაგოგიით მზად არის, გაანახევროს კიდეც. ცრუობს პრეზიდენტი, როცა "აჭარის დაბრუნებას~ გვამადლის. რამდენადაც ვიცი, დღეს ამ ძირძველი ქართული მიწის დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა _ უპირველესად, ქართული სულის დაბინძურების საშიშროებას ვგულისხმობ!
როგორ ბედავს ბატონი სააკაშვილი აფხაზეთზე და აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებზე ასეთი გონორით საუბარს?! აფხაზეთში ქართულ ენას უჭირდა არა იმიტომ, რომ ქართველებს ასე უნდოდათ _ ეს პირდაპირ საბჭოთა იდეოლოგიის "დამსახურება~ იყო. თუმცა თუ სადმე ქართული სული ტრიალებდა, სწორედ რომ აფხაზეთში! ეს ყველაზე მეტად დამტკიცდა თავსმოხვეული ომის დროსაც, როცა დანარჩენი საქართველოსთვის აფხაზეთის ტრაგედია მშობლიური არ აღმოჩნდა (ქედს ვიხრი აფხაზეთში დაღუპული ვაჟკაცების წინაშე, მე აქ უფრო სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებას ვუსვამ ხაზს!) და ზოგიერთები ტაშ-ფანდურითა და ბიზნესტურებით იყვნენ დაკავებულნი. არ მინდა, ამ თემაზე საუბარი კიდევ გავაგრძელო, რადგან ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ როცა სოხუმზე და სოხუმელებზე საუბრობს, ვურჩევ, კორექტულობა გამოიჩინოს! მე ვიცი, მის გეგმაში არათუ სოხუმის (აფხაზეთის) დაბრუნება, საქართველოს ზოგიერთი ნაწილის გასაჩუქრებაც შედის...
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მას ქუთაისში "ტახტის~ დადგმის საშუალება არ მივცეთ. არ მესმის, რას ნიშნავს "მეორე დედაქალაქი" _ პირველი რა, უცხოტომელებს უნდა დავუთმოთ?! არაფერს ვიგონებ, თვითონ თქვა, "თბილისი სომხეთის და აზერბაიჯანის დედაქალაქიცააო ნაწილობრივ". რა იმალება ამ სიტყვების უკან, ძნელად გამოსაცნობი არ არის. დარწმუნებული ვარ, თუ ამის საშუალება მივეცით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისმა ქართველების დედაქალაქის ფუნქცია დაკარგოს!
როგორც ვთქვი, მე მისი ყველა ავადმყოფური ნააზრევის განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი ზოგიერთ გამონათქვამს, რომელმაც მეტად შემაწუხა და ვფიქრობ, ჩვენგან დროულ რეაგირებას მოითხოვს. ბატონი პრეზიდენტი აცხადებს, რომ "2-3-4 წელი უნდა დავაცადოთ და აყვავებულ საქართველოს დაგვიტოვებს". მეტი არაა ჩემი მტერი, სააკაშვილის გეგმაში ზნეობრივად სუფთა და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო შედიოდეს! თავისი არაქართული და ვითომ თანამედროვე შენობებით რომ იწონებს თავს, რატომ არაფერს გვეკითხება, უაზრო და უმოტივაციო შენობების აშენება ხომ აღმშენებლობას არ ნიშნავს?! ერთი გვიპასუხოს, რა სარგებლობას მოუტანს ქვეყანას "ტრამპთაუერის" მშენებლობა, როცა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება?! ამ ცათამბჯენებით აპირებს მშიერი ხალხის დაპურებას?!
დამაფიქრებელი უდავოდ ბევრია მის "მარგალიტებში~, მაგრამ რაც უფრო ვუღრმავდები, შიშის გრძნობა მიპყრობს _ რა სჭირს ჩემს სისხლსა და ხორცს, ასე როგორ დაბრმავდა და დაჩიავდა, რომ კარს მომდგარ საშიშროებას ვერ გრძნობს? ვის ვუკრავთ ტაშს და რის ფასად?
სააკაშვილი და მისი ბანდა მოსვლისთანავე რომ ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ზოგადად ქრისტიანობას, კი ვიცოდი, მაგრამ, თუ ჩვენთვის, ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისთვის მიუღებელ რიტუალს ასე იოლად შემოგვაპარებდა, არ მეგონა. გამაგებინეთ, რას ნიშნავს, "რომ გარდავიცვლები, ჩემი ფერფლი ანაკლიის მიწას მიმოაყარეთო" _ ეს ოფიციალური მინიშნება ხომ არ არის იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვებაში საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს კრემაციის შესახებ და ამით საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ჩვენს მართლმადიდებლობას? ღმერთმა დაგვიფაროს, თუმცა ყური დროზე უნდა გამოვიბერტყოთ და ხელებიც გავანძრიოთ. ისე, სააკაშვილს თუ უნდა, შეუძლია, დაიბაროს და მისი ფერფლი სხვა ქვეყნის მიწაზე მიმოაბნიონ. ეს უფრო გამართლებული იქნება.
მე პირადად, რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა ბოლო ცენტს დავხარჯავ იმისთვის, რომ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები პოლიტიკურ მოუსავლეთში წავიდნენ, თუმცა არა ძველებური პრინციპით _ "ოღონდ სააკაშვილი არა~. ჩვენ დღეს შეცდომის უფლება არ გვაქვს. სააკაშვილის რეჟიმი არაქართულმა ძალებმა არ უნდა ჩაანაცვლონ".