ერაყის ტერიტორიულ წყლებში მყოფ ტანკერზე, რომელზეც ორი მილიონი ბარელი ნავთობი იყო, დრონით თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას Reuters ერაყის პორტების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი ოთხშაბათს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე მოხდა. დრონის დარტყმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ New Andros-ზე ხანძარი გაჩნდა.
გემზე 22-კაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
ერაყის ნავთობის სამინისტროს განცხადებით, გემის კორპუსი მცირედ დაზიანდა, თუმცა ტვირთის ზღვაში გაჟონვა არ დაფიქსირებულა. ნავთობტანკერს ერაყის ნავთობტანკერების კომპანია ქირაობდა და ის მაზუთის შესანახად გამოიყენებოდა.
ამასთან, ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების სააგენტოს (UKMTO) ინფორმაციით, ღამით სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეში რამდენიმე სავაჭრო გემს სამხედრო მოქმედებების დროს ცეცხლი გაუხსნეს. სააგენტოს ცნობით, მსხვერპლისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.