თეთრი სახლი უარყოფს Financial Times-ის ინფორმაციას, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევაში CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, როლის გაძლიერებას და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის, ასევე დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის, ჩართულობის შემცირებას გეგმავს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანა კელიმ გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციას „სრულიად ყალბი ამბავი“ უწოდა.
„ეს ამბავი თავიდან ბოლომდე ყალბი ინფორმაციაა, რომელიც დაბალი რანგის ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ, რაზე საუბრობენ. არც ერთი ასეთი განხილვა არ მიმდინარეობს. სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კვლავ დაუღალავად მუშაობენ სამშვიდობო შეთანხმებაზე და პრეზიდენტი სრულად ენდობა მათ აშშ-ის სახელით მოლაპარაკებების წარმართვაში“, - წერს კელი სოციალურ ქსელ X-ზე.
მანამდე Financial Times-მა ხუთ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია რეტკლიფის უფლებამოსილების გაფართოებას და უიტკოფისა და კუშნერის ჩართულობის შემცირებას განიხილავდა.
გამოცემის წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რეტკლიფის როლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.