ქართულ კანონმდებლობაში სამოქალაქო შეთანხმების ცნება შემოდის. კერძოდ, "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტით, პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლეობის ვადაზე ადრე მოხსა, პროკურორთან სამოქალაქო შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არა ნაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, პირობით მსჯავრდებულისთვის გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდე პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლეობის მოხსნა, მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოა შესაძლებელი. ეს ნორმები გასული წლის ნოემბრიდან მოქმედებს.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით კი დგინდება, რომ პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელი იქნება გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულთან პროკურორს სამოქალაქო შეთანხმება აქვს გაფორმებული და მსჯავრდებულმა ჯეროვნად შეასრულა შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობები.
რაც შეეხება სამოქალაქო შეთანხმებას, პროექტის თანახმად, პროკურორს შეეძლება პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს სხვებს.
სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები და დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული მოვალეობები და რომლის გასვლის შემდეგაც პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა.
სამოქალაქო შეთანხმებით, პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას, პრობაციის ბიურო განახორციელებს, რომელიც პროკურორს შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, პერიოდულად წარუდგენს.