ექსპერტ კახა გოგოლაშვილის პროგნოზით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები "ხარისხობრივად უფრო დაბალ დონეზე გადავა".
"იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობები, რა თქმა უნდა, იმ დონეზე ვეღარ შენარჩუნდება, როგორც იუშჩენკოს დროს იყო. თუმცა ურთიერთობის ისეთი გამწვავება, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში მოხდა ნაკლებსავარაუდოა. მაგალითად, უკრანულ ბაზარზე ქართული პროდუქციის აკრძალვა ან ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის დაწესება, არა მგონია მოხდეს", - განუცხადა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ექსპერტის ვარაუდით, ქვეყნის სათავეში რეგიონების პარტიის კანდიდატების მოსვლის შემთხვევაში, "იანუკოვიჩი შეეცდება საქართველოსთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით მაქსიმალურად შეზღუდოს და ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის საერთშროსოო არენაზე წარმატებულ სახელმწიფოდ წარმოჩენას".
"იანუკოვიჩი შეეცდება საქართველო მუდმივად გააკრიტიკოს", - დასძენს გოგოლაშვილი.
რაც შეეხება უკრაინის პოლიტიკურ კურსს, ექსპერტის აზრით, ევროპული ინტეგრაციის პროცესს იანუკოვიჩი ღიად ვერ შეაჩერებს, ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესი კი ძლიერად შეფერხდება.