(უმისამართო ბარათი წერილი მეცხრამეტე)
სასოწარკვეთილებამდე ნაბიჯი ერთია... ვისთვის კილომეტრებით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული... ამ "ნაბიჯამდე" ყველა სხვადასხვა გზით, სხვადასხვა "მარშრუტითა" და სხვადასხვა დროში მოვედით... ყველას ჰქონდა თავისი მიზანი, მაგრამ ბოლოს მიზანს აცდენილები სწორედ იქ მოვხვდით სადაც სასოწარკვეთილებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ვისთვის კილომეტრობით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული...
იმდენჯერ დაგვაყვედრეს "უღრუბლო ცის ქვეშ, უდარდელ მიწაზე ცხოვრება", რომ ბოლოს ყველა სახის ომი ვნახეთ - კასეტური ბომბებიდან დაწყებული, ძმათა კვლის "გავლითა" და "უსისხლო ომით" დამთავრებული, როცა ყოველდღე "გკლავენ" და "კვდები" - უსისხლოდ, პანაშვიდების გადახდისა და საფლავის ლოდის დადების გარეშე...
იმდენჯერ დაგვამადლეს "თავისუფლება", რომ ბოლოს ეს თავისუფლებაც "გიჟის თავისუფლებად" გვექცა. იქ სადაც ვიღაც, მით უფრო ძალაუფლების მქონე, "გიჟის თავისუფლებით" ცხოვრობს, ვიღაც _ ანუ ვიღაცეების ერთობლიობა _ "მონის თავისუფლების" იქეთ ვერ მიდის(!)
იმდენჯერ შეგვახსენეს ათეიზმის სამოცდაათწლიანი ცოდვა, რომ "უვადო" რელიგიურ ფანატიზმში გადავარდით და კათარზისის ნაცვლად ფარისევლობა გამოვაცხადეთ დიდ "სახალხო მოძრაობად".
* * *
განცდას იმისას, რომ რაღაც "დალპა" ამ ქალაქში, რაღაც ახალი მაგრამ ძველზე უფრო დაძველებული, ერთადერთ სურვილამდე მიყავხარ - გინდა მთელი ხმით, მთელი სამყაროს გასაგებად იყვირო, რომ - "კომედია დასრულდა"!!! იყვირე რამდენიც გინდა, კომედია მაინც გრძელდება... გრძელდება მაშინაც, როცა მას შენში, შენს აზროვნებასა და ცნობიერებაში ასრულებ... გრძელდება, რადგან ერთი მემილიონედი ნაწილიც კი არ ხარ, ამ დაუსრულებელ კომედიაში მოთამაშე საზოგადოების და მაქსიმუმი რასაც შენი, თუნდა ყველაზე ხმამაღალი და განწირული ყვირილით მიაღწევ ისაა, რომ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდები!!! თვითიზოლაციას აქვს ასეთი გარდაუვალი "უკუჩვენება" - რა "დოზითაც" გაემიჯნები სამყაროს, ზუსტად იმავე "დოზით" იტყვის იგი შენზე უარს!..
* * *
მიუხედავად იმისა, რომ ყველა "საცეცით" მიწაზე ხარ მიჯაჭვული გამუდმებით იმის შიში და განცდა გაქვს, რომ ფეხქვეშ მიწა გეცლება... თავს იტყუებ იმ აზრით, რომ თითქოს მხოლოდ ზეცა "გეიმედება"... იტყუებ, რადგან ასეთ მხრებში მოხრილსა და თავჩაქინდრულს მაინც მიწა "გკვებას" ბოლოს ათასგვარი საცდურით... გამუდმებით გეჩვენება, რომ "არც მიწისა ხარ და არც ცის", არც პოეტი ხარ და მაინც სადღაც "მესამე განზომილებაში" ცხოვრობ - როგორც მიწისა და ცის "არაორგანული" ნაზავი... დროდადრო იხსენებ იმ დროს, როცა მიწაზე მყარი და მოზომილი ნაბიჯებით ისე დადიოდი, რომ ზეცის სურვილი არ გეკარგებოდა... იხსენებ და იქვე აცნობიერებ, რომ საკუთარი თავის გშურს... უფრო სწორედ იმ ადამიანის გშურს წარსულში რომ იყავი და დღევანდელს რომ აღარაფრით ჰგავს... საკუთარ წარსულთან გაუცხოვება მომავალთან კიდევ უფრო გაუცხოვებს და ალბათ ამიტომაცაა, რომ აწმყოს სამივე დროის "სახელითა" და განცდით ებღაუჭები(!) ...და რა არის შენი აწმყო გაუფასურებული წარსულისა და "დანაღმული" მომავლის იქეთ?!.
* * *
"აწმყო შობილი წარსულისაგან და მშობელი მომავლისა" რაღაცით უნიჭოდ, შუშის ფერადი ნატეხებისაგან შექმნილ მოზაიკას გავს - უპროპორციოს, დარღვეული კომპოზიციითა და არათავსებადი ფერთა გამით... ყველაფერი ერთ სიბრტყეზე დევს, ერთ განზომილებაში... "აქ" გამარჯვებასა და დამარცხებას ერთი ფასი აქვთ და ომის დაწყებისა და დასრულების თარიღებიც ისეა დაკონკრეტებული, თითქოს ომიც რეალურად მხოლოდ იმ დღეს დაიწყო, როცა დაიწყო და მხოლოდ იმ დღეს დამთავრდა, როცა დამთავრდა(!) ამ აწმყოში, შუშის ნატეხებისაგან გაკეთებულ მოზაიკას რომ ჰგავს, უხვად არის ჟღალი ფერები... ჟღალი ფერებით ისაზღვრება პოლიტიკური ძალების რეიტინგები, ათასგზის გახსნილი ფაბრიკა-ქარხნების ფასადები, "მომავლის ქალაქები", უცხოელების ვიზიტები, ადგილობრივი ბრიფინგები... ყველაფერი ჟღალია და, თუ სადმე კლასიკური შავ-თეთრი აქვს შერეული ყველამ იცის, რომ "შავი _ რუსეთია", თეთრი - ამერიკა"(!) ამ "მოზაიკურ აწმყოს" ასევე "მოზაიკური" აზროვნების ადამიანები ქმნიან - პოლიტიკოსები, ინტელიგენცია და "უბრალო ადამიანები", რომელთაც ვერაფრით გაიგეს, რატომ არიან "უბრალოები" და არა თუნდაც რიგითები(?) პოლიტიკოსები მიდიან, მოდიან და ბოლოს მაინც ერთ ადგილზე დგანან, მაშინაც კი, თუკი "უბრალო ადამიანების" მთელი "არმია" მიაცილებთ და მოაცილებთ არჩევნებიდან მიტინგებამდე და მიტინგებიდან არჩევნებამდე გატკეპნილ გზაზე(!) "ჩარეცხილებს" დროდადრო "გასაშრობად" გამოფენენ ხოლმე, მაგრამ ინტელიგენციის ძირითად კონტიგენტს ისენი შეადგენენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უძველს კულტურას "ნაჰტალისნის" სუნი სდის და იგი ანტიკულტურამ უნდა ჩაანაცლოს, თანაც სასწრაფოდ... მოკლედ, "შემოქმედებითთ ჯგუფს", რომელიც ამ "მოზაიკურ აწმყოს" ასევე შემოქმედებითად "აფორმებს" ახალი შთაგონების წყარო აქვს, რომელიც ფულზე, პროსტიტუცაიზე და ნარკომანიაზე გადის(!) ასეთ აწმყოს კი, დიდი შანსი აქვს გაცილებით უარესი "მომავალი დაბადოს", ისევე როგორც იმ წარსულს ჰქონდა ამის "შანსი", როცა გაცილებით უარესს, დღეს უკვე აწმყოდ ქცეულ მომავალს "ბადებდა"(!)
* * *
მიზანი კი, რომელიც ერთიშეხედვით ყველას ერთნაირი გვქონდა, ან უნდა გვქონოდა, კოცონზე იწვის _ ამ მიზანს ბედნიერ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრება ჰქვია(!) სწორდ ეს მიზანი აერთიანებთ და სწორედ ეს მიზანი აშორებს ადამიანებს _ ვიღაც ფიქრობს, რომ ამ მიზნისკენ მიდის ხელისუფლება... ვიღაცას მიაჩნია, რომ ამ მიზნისთვის იბრძვის ოპოზიცია... არსებობენ ისეთებიც, რომელთათვისაც მიზანმა და მიზნისკენ სწრაფვამ მიზანი დაკარგა(!) ვიღაცას ვიღაც სძულს... ვიღაცას ვიღაც მებრალება ზიზღნარევი, მდაბიური სიბრალულით... ვიღაცსა ვიღაც ხიბლავს უსაგნო ფანატიზმით... ვიღაცას ვიღაც უყვარს კიდეც, ან ჰგონია რომ უყვარს... ისევ ფერადი შუში ნატეხებისაგან იქმნება საზოგადოება, ოღონდ ამჯერად საერთო სიბრტყისა და განზომილების ნაცვლად, დროსა და სივრცეში აცდენილი სუბიექტებივით, სხვადასხვა სიბრტყეში ვართ გაბნეულები - ქაოსურად, უწესრიგოდ და "მოხეტიალე მოლეკულების" მსგავსად ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა ერთმანეთს უნებურად, ან მიზანმიმართულად "ვეჯახებით"(!) ერთმანეთისკენ სავალი გზები ვერ გვიპოვია... ვერ გვიპოვია, რადგან არ არსებობს ამის სურვილი, არ არსებობს "სერთო წესრიგი", რომელიც ერთ მთიანობად, ანუ თანაცხოვრების პრინციპზე დამყარებულ საზოგადოებად ჩამოგვაყალიბებს(!)
* * *
თავისუფლების, ანუ დემოკრატიის უმთავრესი პრინციპით "ერთის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც მეორეს თავისუფლება იზღუდება"... ჩვენ ამ ზღვარზე სიარული ვერ ვისწავლეთ!.. ვიღაცის თავისუფლება იწყება და უსასრულოდ გრძელდება, ათასების დამონებამდე(!) ის ათასობით დამონებული თვის მხრივ, სწორედ მონის სასატარტო სტატუსიდან იწყებს საკუთარი თავისუფლების "ათვლას" და იქამდე აგრძელებს მოქმედების არეალს, რამდენის დამონების საშუალებასაც ამჯერად უკვე თავდ მას _ სხვისგან თავისუფლება შეზღუდულსა და მონადყოფის _ აძლევს მოცემულობა(!) იმ "დამონებულთაგან" კიდევ აღმოჩნდება ვიღაც, ვინც საკუთარი თავისუფლების დაბრუნებისა და აღდგენისათვის ბრძოლის ნაცვლად სხვების დამონებაში ეძებს "თავისუფლებას" და ასე გრძელდება უსასრულოდ _ მონის მონობამდე და ტყვეთა ტყვეობამდე, თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით(!) ასე გრძელდება უსასრულოდ, ვიდრე ვინმე მონადყოფილს საიმისო ძალა, გონი და ზნეობა არ აღმოაჩნდება, რომ სხვების დამონების ნაცვლად საკუთარი თავისუფლების აღდგენისათვის იბრძოლოს და სხვებიც გაიყოლოს ამ ბრძოლაში... სწორედ ასე და ამისთვის იქმნებოდნენ წარსულში ეროვნული გმირები და, სწორედ ასე და ამისთვის უნდა იქმნდებოდნენ დღეს, თანამედროვე ოპოზიციური ძალები, ლიდერები და პარტიები(!) მაგრამ ქართული პოლიტიკა სხვა "ანატომიაზეა" აწყობილი და მორგებული _ სიამის ტყუპებივით საერთო "ორგანიზმი" აქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას. საერთო ორგანიზმი და ინტერესები და, თუ გამუდმებით კინკლაობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს ამ საერთო "ორგანიზმში" დაწინაურება და ლიდერობა სურს(!) ეს საერთო "ორგანიზმი" კი, არც დროს შეუქმნია, არც ვითარებას და არც გაუთავებელ კონსულტაცია _ მოლაპარაკებებს. ის იმთავითვე ორგანული და თანდაყოლილი იყო და არის მათთვის...
* * *
სწორედ ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, სასოწარკვეთილებამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა... ამ "ნაბიჯამდე" ყველა სხვადასხვა გზით, სხვადასხვა "მარშრუტითა" და სხვადასხვა დროში მოვედით... მიზანი, რომელიც ერთიშეხედვით ყველას ერთნაირი გვქონდა, ან უნდა გვქონოდა, კოცონზე იწვის _ ამ მიზანს ბედნიერ ქვეყანაში, ბედნიერად ცხოვრება ჰქვია(!)
სხვადასხვა სიბრტყეში, დროსა და განზომილებაში გაბნეულებმა ვერ შევძელით თანაცხოვრების პრინციპზე შეთანხმება და ერთიან ორგანიზმად, ანუ სრულფასოვან საზოგადოებად ჩამოყალიბება. ვერ შევძელით, რადგან უმთავრეს პრინციპებსა და ფასეულობებს _ სამშობლოს, თავისუფლებასა და ბედნიერებას _ ყველა სხვაგვარად "ვხედავთ" შუშის ნატეხებისგან შემდგარ აწმყოდ ქცეულ "მოზაიკაში"(!)
ინდივიდი სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდულაური აზროვნებისა და განცდების ერთობლიობა... მაგრამ იმისათვის, რომ ინდივიდებმა საზოგადოება შექმნან ფასეულობათა სრული "კოლექტივიზაცია" თუ არა, სულ მცირე, რამდენიმე ფუნდამენტალური საკითხზე საერთო მოსაზრება და დამოკიდებულება უნდა გააჩნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერასდროს შეძლებენ თანაცხოვრების პრინციპებზე შეთანხმებას!
იცხოვრებენ, როგორც "სექტები", "კასტები", "გუნდები" და "სასტავები"... იცხოვრებენ ერთ მიწზე, ერთი ცის ქვეშ, მაგრამ სხვადასხვა სიბრტყესა და განზომილებაში... იცხოვრებენ, როგორც დროსა და სივრცეში აცდენილები... როგორც "მოხეტიალე მოლეკულები", რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ უნებურად, ან შეგნებულად "დაჯახებისას" ხვდებიან ხოლმე(!)
ამ "დაჯახებას" ექნება "მამათა და შვილთა ომის", პოლიტიკური ბრძოლისა, სოციალური აფეთქების, საგარეო ვექტორების ან სულაც შიდა კულტურათა დაპირისპირების სახე... მაგრამ ბოლოს, მიზანს აცდენილები, ყველანი იქ მოვხვდით სადაც სასოწარკვეთილებას ერთი ნაბიჯიღა დაგვაშორებს, ვისთვის კილომეტრობით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული...
...და მაშინაც, ყველა ერთად, ან ყველა ცალცალკე _კათარზისის ნაცვლად ისევ ფარისევლობას გამოვაცხადებთ დიდ "სახალხო მოძრაობად"!.. მიზანი კი, რომელიც ერთიშეხედვით ყველას ერთნაირი გვქონდა, ან უნდა გვქონოდა, კოცონზე იწვის _ ამ მიზანს ბედნიერ ქვეყანაში, ბედნიერად ცხოვრება ჰქვია(!)
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი