გიორგი გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
რაც შეეხება ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას, მამუკა მდინარაძე აცხადებს: „არის დაწყება და არის ბოლო მომენტი. დაწყება ხომ ნამდვილად არის? მაშინ რაზე ვლაპარაკობთ, სრული ვიდეო საერთოდ არ სჭირდება. შუაში რა მოხდა, ამას ჩვენებებით გაარკვევენ, თუ სხვა ვიდეო არ იქნება. ალბათ სხვა კადრებიც იქნება, იქ ვიდეომეთვალყურეობა იქნებოდა, მაგრამ დაწყების კადრები ხომ ნახეთ საკუთარი თვალით. „იმედი“ რომ დაადანაშაულეს და დაამუნათეს დღეს, ახლა რომ გამქრალები არიან და კომენტარს არ აკეთებენ, რატომ ხდება ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობაზე, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ახლა მხოლოდ გამოსაძიებელია, ჰქონდა თუ არა მომხდარს პოლიტიკური სარჩული.
„თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია. დიტო სამხარაძე კი გამოძიებას თავად გასცემს პასუხს. იყო თუა არა მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია? იყო. თავს დამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია. შენ ნუ ესხმი თავიდან თავს, თორემ პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის თავდაცვის მიზნითაც. აბა, თავს ხომ არ გაალახვინებ. როცა ვიღაცა თავს გესხმის, თავი უნდა დაიცვა. ჭიქას რომ ჩაგარტყამენ სახეში, უნდა გაჩერდე და რას კადრულობთ, ბატონოო, უნდა უთხრა? თავდასხმაც უნდა გავარჩიოთ, პასუხის გაცემაც უნდა გავარჩიოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.