სლოვენიის ქალაქ მარიობორში, 4 აპრილს, 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ნაკრები ევროპის პირველობაზე, რომელიც 4-16 მაისს სლოვენიაში გაიმართება A-ჯგფუში ითამაშებს, მეტოქეებად კი საფრანგეთი, გერმანია და ისლანდია ეყოლება.
B-ჯგუფში ერთამანეთს დაუპირისპირდებიან - ჰოლნადია, სლოვენია, პოლონეთი და ბელგია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური ახლახანს თბილისში გამართულ ელიტ რაუნდში მოიპოვა, როცა C-ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ესპანეთს, ინგლისს და უკრაინას გაუსწრო.
ევროპირველობაზე ჯგუფებიდან ორი საუკეთესო ნაკრები გადის და ნახევარფინალში ერთამანეთს ჯვარედინი სისტემით დაუპირისპირდება. გამარჯვებულები ფინალში ჩემპიონს გამოავლენენ, ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩი არ იმართება. ნახევარფინალები 13 მაისს შედგება, ფინალი კი 16 მაისს. მატჩები ოთხ ქალაქში გაიმართება: მარიბორში, დომჟალეში, ლენდავასა და ლიუბლიანაში. ფინალი სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანას სტადიონ "სტოჟიცეზე" გაიმართება.