ბათუმის საახალწლო ფარჩა-ატლასებისა და საოპერო ვარსკვლავების კონცერტს ხელისუფლებამ "ნაბახუსევზე" პოლიტიკურ-პატრიოტული ჟანრის პატარა სპექტაკლიც მიაყოლა. მშენებარე "შერატონის" დიდი და ცისფერი ბანერის ფონზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენი ქვყნის ერთგული მეგობარი, სვანეთში მონათლული ამერიკელი სენატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. ასე, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მერაბ კოსტავას, 1993 წელს სოხუმში დახვრეტილი ჟიული შარტავასა და 2004 წელს ცხინვალში დაღუპული ჯარისკაცის, ზაზა დამენიას შემდეგ, როგორც იქნა ერთი ცოცხალი ეროვნული გმირი გვყავს... ისიც ვიეტნამის ომში ნაწამები ამერიკელი ჯარისკაცი და მერე პოლიტიკაში გამობრძმედილი, ცნობილი გენარალი.
70-იან წლებში, აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდია "დეფა" იღებდა ხოლმე ოდნავ სასაცილო ფილმებს ინდიელებზე, ექს-იუგოსლაველი ვარსკვლავის გოიკო მიტიჩის მონაწილეობით: ღირსეულად უბედურ და რეზერვაციებში ნელ-ნელა გაჟუჟულ ინდიელებს მხსნელად უსათუოდ ერთი თეთრკანიანი დამცველი გამოუჩნდებოდა ხოლმე. ერთ-ერთ ფილმს ასე ერქვა _ "ერთგული ხელი ინდიელთა მეგობარი". მაგრამ ეს გარდასული დღეების კინოკლასიკაა. რეალურად კი 2008 წელს ნაომარ საქართველოს ერთი ასეთი "ერგული ხელი" - ჯონ მაკკეინი ეწვია და მხურვალე სიტყვით გაამხნევა ხუთდღიან ომში წაგებული "პატარა და ამაყი ქვეყანა" (სხვათა შორის, შემოდგომაზე და არა ზაფხულში, როგორც სააკაშვილმა ბრძანა, ხოლო გამოცდილ გენერალს საკმაოდ წარუმატებელი საარჩევნო კამპანია დიდი ხნით სულაც არ მიუტოვებია).
ჩვენი ტელეარხები ხალისით იხსნებდნენ გულისამაჩუყებელ კადრებს და მაკკენის ფრაზას: "ახლა ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". თუმცა მხურვალე საერთაშორისო მხარდაჭერამ საერთაშორისო დამკვირვებლები რატომღაც 40 კილომეტრში მდებარე ახლგორშიც ვერ შეიტყუა.
გადაჭარბებულ მხატვრულ აღწერას სრულებითაც არ საჭიროებს დარბაზში შეკრებილი "ნაციონალური" პუბლიკა (გეგონება ყასიდად მოწვეული, თუნდაც თითო-ოროლა ლეგალული ოპოზიციონერი მაკკეინს კისრიდან ჩამოგლეჯდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენს); ისევე როგორც მხურვალე და წინასაწარ დასწავლილ-მომზადებული აპლოდისმენტები და პრეზიდენტის უკვე ჩვეული სიურეალისტური, დროსაცდენილი თხრობა. და მაინც, მთავარი "მიზანსცენა" მაკკეინისათვის უცნობი რუსი ოფიცრისგან გამოსყიდყული, 9 მილიმეტრიანი კალიბრის მქონე "ბრაუნინგის" გადაცემა აღმოჩნდა (რომელიც ცხადია, შემდგომ და საგანგებოდ არის მოოქროვილი). "იმ ჯილდოთაგან, რომელიც მიმიღია, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და მას გულში შევინახავ" - ასეთი იყო ამერიკისთვის ნაწამები გენერლის, ვერშემდგარი პრეზიდენტის, საქართველოს გულმხურვალე ლობისტის პასუხი.
თუ გავითვალისწინებთ რა უცნაურობამდე რიტუალური და ინფანტილურობამდე გულუბრყვილო დამოკიდებულება აქვთ "ინდიელებს" მხსნელად მოვლენილი "თეთრკანიანი" სენატორებისა და პატრიცების მიმართ, გასაგები გახდება, რომ ეროვნული გმირობის შანსი საკუთარ ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია. პირიქით, შეიძლება უხმაურო-გმირული საქციელი (ასეთი მაგალითები თუნდაც 2008 წლის ომის დროსაც იყო) ვიღაცას მოღალატეობად ჩაუთვალონ, ხოლო უბრძოლველად ჩაბარებული კოდორის ხეობა და ასობით დანგრეული სოფელი შიდა ქართლში _ სიბრძნედ თუ იძულებით გმირობად ("ტანკებმა ორჭოსანში აუხვიეს, ნუ გეშინიათ"...)?!
ყველაზე ცინიკური ისაა, რომ საკუთარი ქვეყნისათვის ასობით დაღუპული ახალგაზრდის თავგანწირვა შეფასებისა და ვაჭრობის საგნად იქცა. ხელისუფლებამ დიდი-დიდი ვახტანგ გორგასლის სახელობის მესამე ხარისხის ორდენი გაიმეტოს, ისიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის გულხურვალე დაპირება, რომ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები 10 ათას ლარს მიიღებდნენ, აღარც ამ დაპირების ავტორს ახსოვს. სხვისი სიცოცხლის ფასად ნაყიდი მშვიდობა ქვეყანაში და საკუთარი ძალაუფლების განტკიცება ალბათ პატრიოტული სადღგრძელოების დიაპზონს მომვალშიც გააფართოებს. ეს კი უფლებას გვაძლევვს დიდი სტუმრების მიმართ განსაკუთრებით გულუხვი ვიყოთ. რა იცი, იქნებ ამერიკის უახლოესი მომავალი რესპუბლიკელებს ეკუთვნით?
კინაღამ დამავიწყდა, რომ ეროვნული გმირობის ორდენი მხოლოდ ჯილდო არ არის და იგი შრომით ანაზღაურებასაც გულისხმობს; უფრო ზუსტად, საშუალო შრომითი ანაზღაურების 500 ნორმას. შესაბამისად ჯონ მაკკეინს ჯილდოსთან ერთად, სულ მცირე, 25-30 ათასი ლარი მინც უნდა მიეღო. მაინტერესებს, უფულოდ გააცილეს ამერიკელი გენერალი თუ მისი საბანკო ანგარიში ფინანსთა სამინისტრომ ადგილზევე შეავსო დოლარზე გადაყვანილი და ფინანსური კრიზისით ნატანჯი ლარებით?!
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ბუხრიკიძე