ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გინტაუტას პალუცკასა და მისი მთავრობის გადადგომის განკარგულებას მოაწერა ხელი. მანვე დროებით მთავრობის ხელმძღვანელობა ფინანსთა მინისტრს, სიმანტას შადჟიუსს დაავალა.
გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრეზიდენტს 31 ივლისს, მას შემდეგ აცნობა, რაც მის გარშემო არაერთი სკანდალი აგორდა.
პალუცაკასმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლიეტუვის მედიამ გამოავლინა მისი საეჭვო საქმიანი კავშირები, რის საფუძველზეც, გენერალურმა პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.
ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს კომპანია „დანკორაში“, რომელიც პრემიერის ცოლის ძმას ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია ევროპულ დაფინანსებას იღებდა და იძენდა აკუმულატორის სისტემებს თავად პრემიერის კომპანია „გარნისისგან“.