თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ და აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა თანაშემწემ, სტივენ მილერმა, ინდოეთი რუსული ნავთობის შეძენის გამო უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაფინანსებაში დაადანაშაულა.
„მან [დონალდ ტრამპმა] ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მიუღებელია ინდოეთის მიერ ამ ომის დაფინანსების გაგრძელება რუსეთიდან ნავთობის შეძენით“, - განაცხადა მილერმა Fox News-ის ეთერში.
„ხალხი შოკირებული იყო მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვების მოცულობით თითქმის ჩინეთს გაუთანაბრდა. ეს გასაკვირი ფაქტია“, - დასძინა მან.
როგორც Reuters აღნიშნავს, მილერის კომენტარი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ინდოეთის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკა იყო.
ნიუ-დელიS ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. Reuters -ის წყაროებმა ინდოეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყანა აშშ-ის მუქარის მიუხედავად, მოსკოვისგან ნავთობის შეძენას გააგრძელებს.