აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქმნის პირობებს, რომლის შემთხვევაშიც რუსეთი იძულებული გახდება უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს.
ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა Bloomberg TV-ის ეთერში განაცხადა.
„ტრამპმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ სიკვდილი, ხოცვა-ჟლეტა და სისხლისღვრა, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ბრძოლის ველზე, სადაც ათასობით ჯარისკაცი იღუპება და რა თქმა უნდა, უკრაინის ზოგიერთ ქალაქზე თავდასხმები, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, ეს უნდა დასრულდეს“, - თქვა უიტაკერმა.
მან აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არსებობს და დიპლომატიური გადაწყვეტა ერთადერთი გზაა.
„და პრეზიდენტი ტრამპი ქმნის პირობებს, რათა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეს და ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება დაიწყოს, რადგან სწორედ ეს არის საჭირო მკვლელობების შესაჩერებლად.
და მე ვფიქრობ, რომ მეორადი სანქციები და ტარიფები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ომისთვის იხდის, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რომლებიც რუსეთის მიერ მოპოვებულ ნავთობს ყიდულობენ, აშკარა შემდეგი ნაბიჯია ამ ომის დასრულების მცდელობისკენ“, - დასძინა ელჩმა.
უიტაკერმა აღნიშნა, რომ ტრამპმა ახლახან განაცხადა, რომ რუსეთი კარგად ახერხებს სანქციების თავიდან აცილებას.
თუმცა, მისი აზრით, მეორადი სანქციები რუსეთს რეალურად დაარტყამს იქ, სადაც ეს მნიშვნელოვანია, კერძოდ, მის მთავარ შემოსავლის წყაროს, რაც ამ ქვეყნებისთვის ნავთობის მიყიდვაა.
„ასე რომ, პრეზიდენტი ტრამპი, მოგეხსენებათ, ამ კარტს თამაშობს, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას არ დაიწყებს.
მაგრამ ამავდროულად, რუსეთმა უბრალოდ უნდა შეაჩეროს ეს ომი. ისინი მას ბრძოლის ველზე ვერ მოიგებენ. ჩვენ უბრალოდ უნდა შევაჩეროთ ეს ომი და მე ვფიქრობ, რომ ეს სანქციები შემდეგი ნაბიჯია“, - თქვა მან.