მინდია გულუა ქართველი მანდილოსნებს 8 მარტს ულოცავს. "საქართველოს სიძლიერეს, მის მშვენებასა და ბურჯს - ყველა ქართველ მანდილოსანს და საქართველოში მცხოვრებ ქალბატონს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს. ვუსურვებ ყველა იმ სიკეთის, კეთილდღეობისა და სურვილის განხორციელებას, რასაც ისინი ღირსეულად იმსახურებენ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა რეალობამ ენით აუწერელ პრობლემების წინაშე დააყენა ჩვენი უსაყვარლესი დედები, დები, მეუღლეები და მათი უმრავლესობა იძულებული გახდა ოჯახის გადარჩენის მიზნით მრავალი წლით გახიზნულიყო უცხო ქვეყნებში სამუშაოდ, დროებით შეეწყვიტა უმთავრეს ფუნქცია - ყოფილიყო ქართული ოჯახის სულიერი ღერძი და გონებრივი სინათლე", - ნათქვამია მისალოც განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ქართველი ქალები არ იმსახურებენ დამამცირებელ პირობებში მუშაობას, შვილებისაგან და მეუღლეებისაგან მოწყვეტას, უსიყვარულობას, უპატივცემულობას და უსამშობლოობას. "უკვე დროა, რომ ჩვენი ქალბატონები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ".
"ჩემი უდიდესი სურვილი და სისხლხორცეული მოწოდეებაა, რომ ჩვენი პარტიის ,,განახლებული საქართველოსთვის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უსწრაფესად განხორციელდეს ქართული ოჯახის აღდგენის პროგრამა და დაიწყოს ქართველ დედათა დაბრუნების პროცესი უცხო ქვეყნებიდან, რისი კურთხევაც უკვე დიდი ხანია მოგვეცა ჩვენის უწმინდესის მიერ. ჩვენი სურვილია, რომ არცერთი ქართველი დედა და ქალი არ დარჩეს უცხოეთში და გაამრავლოს შთამომავლობა.ჩვენ კი პირობას ვიძლევით, რომ არასოდეს ვუღალატებთ ქვეყნის წინაშე აღებულ ვალდებულებას - განუხრელად ვიზრუნოთ უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემების აღმოსაფხვრელად და მრავალშვილიანობის პრესტიჟის ასამაღლებლად ქვეყანაში. დაე, წლევანდელი გაზაფხული და 8 მარტი ყოფილიყოს ყველა ქართველი მანდილოსნის სანუკვარი ოცნებისა და სიხარულის განხორციელების დასაწყისი", - ნათქვამია მილოცვის განცხადებაში.