საქართველოს პარლამენტი განმუხურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმართვას მოამზადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დავალება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მას შემდეგ მისცა, რაც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ინიციარტივით გამოვიდა.
ვიცე-სპიკერის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული შეიარაღებული პირების მიერ სოფელ განმუხურთან, საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ცეცხლის გახსნა, საფრთხეების აწევაზე მიუთითებს.
„2008 წლის საბრძოლო მოქმედებვების შემდეგ, ეს იყო ღია შეტევითი ქმედების პირველი შემთხევა. გამოყენებული იყო თავდასხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების მისამართით. როცა ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთის ფსბ-ს ჯარები და აფხაზებს ვერ დაბრალდება, საგარეო კომიტეტმა უნდა გააკეთოს რეაგირება და მიმართოს ჩვენს საერთაშორისო პარტიორებს, მოხდეს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა, საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე," - განაცხადა დავითაიამ.
დავითაისა გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადრე მსგავსი ფაქტები ბრალდებოდა აფხაზურ უკონტროლო დაჯგუფებებს, ამჯერად კი ამის შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციას არ გააჩნია, რადგან იგი სრულად აკონტროლებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს.
მისივე დავალებით, პარლამენტის საგარეო კომიტეტი მიიღებს მიმართვას, რომელიც პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაეგზავნებათ.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს 03:20 საათზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა პირებმა სოფელ განმუხურთან, საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის დროს დაახლოებით ექვსმა პირმა ავტომატური იარაღი და ყუმბარმტყორცნი "РПГ-7" გამოიყენა. სროლამ დაახლოებით 10 წუთს გასტანა და არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები საოკუპაციო ხაზის მიღმა მიიმალნენ.