საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახმეტის სამედიცინო ცენტრის ექიმს ანზორ ალხანაშვილს ბრწყინვალების ორდენი გადასცა.
„ყველა საავადმყოფოს გახსნის დროს, ჩვენი ტრადიციაა, რომ ვაჯილდოვებთ წარჩინებულ ქართველ ექიმებს. ყველგან, როგორც წესი, ჩვენ ჩაგვყვავდა ცნობილი თბილისელი ექიმები იმისათვის, რომ აგვეღნიშნა მათი მრავალწლიანი ღვაწლი. აქ ამის აუცილებლობა არ არის. ახმეტაში თითქმის 50 წელი, ბოლო დღეებამდე მუშაობდა ანზორ ალხანაშვილი, ქირურგი, რომელიც ასობით და ათასობით ადამიანს დაეხმარა, უამრავი ადამიანი გადაარჩინა, უამრავ ადამიანს მოუმართა ხელი, აჩუქა სიცოცხლე, ოჯახებს მოჰგვარა შვება, აჩუქა ბედნიერება, დათესა სიკეთე. ამაზე დიდი პრივილეგია არ არსებობს. მე მინდა ქართული სახელმწიფოს სახელით ბატონ ანზორს გადავცე ბრწყინვალების ორდენი",- განაცხადა სააკაშვილმა.
ექიმმა ჯილდოსთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. „დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი საექიმო მოღვაწეობის შეფასებისათვის. დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ახმეტისთვის ამ დიდებული საავადმყოფოს აშენებისთვის. აქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ ექიმმა შეძლოს თავისი შესაძლებლობის გამოყენება და პაციენტებმა მიიღონ მაღალხარისხიანი სამედიცინო დახმარება. ჩემი თაობა ასეთ პირობებში მუშაობას ოცნებაში თუ წარმოიდგენდა. ეს თქვენი დამსახურებაა და ძალიან დიდი მადლობა", - აღნიშნა ანზორ ალხანაშვილმა.