საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რუსეთს მომავალი არ აქვს. როგორც მან ახმეტის საავადმყოფოს გახსნისას განაცხადა, რუსეთის ხელისუფლება აშენებს წარსულს.
"რუსეთში ყველაფერს წყვეტს თანამდებობის პირს რამდენი აქვს ჯიბეში ფული. იქ ყველაფერს აძლევენ თანამდებობის პირს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ის ხალხამდე არ მივიდეს. რაც არ უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, რა არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ ან დადგან, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მათ არ აქვთ მომავალი, რადგან ისინი აშენებენ წარსულს. ისინი აშენებენ წარსულს არა მარტო იმით, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინეს ან საბჭოთა იმპერიის შექმნას ცდილობენ, არამედ მენტალურად აბრუნებენ ქვეყანას უკან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში რუსეთისგან განსხვავებით შენდება მომავალი და საქართველო აუცილებლად მიაღწევს შედეგს.