მოსკოვში მანეჟის მოედანზე ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერი მიტინგის დასრულების შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფას ძლივს გადაურჩა ტელეკომპანია "დოჟდის" კორესპოდენტი ილია ვასიუნინი, რომელიც ცდილობდა გადაეღო ფულის დარიგების პროცესი, რომელიც ამ ღონისძიებაში მონაწილე ადამიანებისათვის იყო განკუთვნილი. ინფორმაციას ამის შესახებ "გაზეტა.რუ" თავად კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავად ვასიუნინის თქმით, იგი მიტინგის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებთან ერთად მეტროსადგურ "ბოროვიცკაიასკენ" წავიდა. ამ დროს ვიღაც ადამიანებმა მიტინგში მონაწილეებისათვის ფულის დარიგება დაიწყეს. კორესპოდენტმა ყოველივე ამის კამერაზე აღბეჭდვა სცადა, რის შემდეგაც მასთან რამდენიმე პირი დაჩნდა, რომლებიც ხელჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი.
"ჟურნალისტი ფიზიკურ შეურაცხყოფას მხოლოდ იმის წყალობით გადაურჩა, რომ მას მხარდაჭერა შემთხვევით გამვლელმა გამოუცხადა, ამასთან ერთად იქვე იყვნენ მისი კოლეგები რადიო "თავისუფლებიდან" და "ნტვ"-დან", _ იუწყება რუსული მედია.
მანეჟის მოედანზე ფულის დარიგების ფაქტს ასევე ადასტურებს რადიო "თავისუფლების" კორესპოდენტი, რომელმაც ინტერნერ გვერდზე "მასოვკი.რუ"-ზე ასეთი განცხადება ნახა:
"4 მარტს ვეპატიჟებით რუსეთის მოქალაქეებს 18 და 80 წლამდე სახალხო სეირნობაზე. გადახდა 700 რუბლი", _ ნათქვამი იყო განცხადებაში. ჟურნალისტმა იქ მითითებულ ნომერზე დარაკე და გაარკვია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის რეალური საფასური 600 რუბლი იქნებოდა.
მათივე ინფორმაციით ანალოგიური რამ ხდებოდა სხვა და სხვა მეტროსადგურებთან.