საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით საჯარო ბიბლიოთეკისა და წიგნის პალატის ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
2005 წლის 17 დეკემბერს პრეზიდენტის #1057 ბრძანებულების საფუძველზე გაუქმდა "საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური", მასთან ერთად "საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატა", თუმცა ამ უკანასკნელის შესახებ ბრძანებულებაში არფერი იყო ნათქვამი.
"პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიქმნა "ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპარტამენტი" 40 საშტატო ერთეულით. 2006 წლის დეკემბერში ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის გაგუამ სამსახურიდან დაითხოვა ამ დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი და 2 საათში განახორციელა 2-მილიონიანი წიგნადი ფონდის გადაბარება, ინვენტარიზაციის წესით ჩაბარების ნაცვლად. რის შესახებაც შეადგენილ იქნა ე. წ. მიღება-ჩაბარების აქტები (29.12.2006წ. 28.12.2006წ.). ეროვნულ ბიბილიოთეკის სარემონტო წიგნსაცავებთან შედარებით, წიგნის პალატაში საუკეთესო პირობები იყო შექმნილი უნიკალური წიგნადი ფონდის შესანახად. მიუხედავად ამისა წიგნები მათ შორის "გეორგიკის" უნიკალური ფონდი ("ვეფხისტყაოსანის"50-ზე მეტი გამოცემა) გადატანილ იქნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც მათი მდგომარება და დაცულობა საფრთხეშია. გენერალურ დირექტორს არც 2006 წელს და არც მას შემდგომ არ ჩაუტარებია ეროვნული ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების ინვენტარიზაცია. ეს კი ბადებს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ წიგნების ნაწილი შეიძლება დაკარგული ან განადგურებული იყოს", _ აცხადებს ჩხარტიშვილი.
საჯარო ბიბლიოთეკისა და წიგნის პალატის ყოფილი თანამშრომლების ანცხადებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში უხეში კანონდარღვევების თანხლებით ჩატარდა ოპტიმიზაცია და რეოგრანიზაცია. 2007 წელს ატესტაციაზე არ იქნა დაშვებული იურიდიულად სრულუფლებიან თანამშრომელთა ნაწილი. წლის ბოლომდე ბიბლიოთეკა იღებდა შეუმცირებელი საშტატო რიცხოვნობის შესაბამის სახელფასო თანხებს. ხელოვნურად გამოთავისუფლებული შტატებისა და სახელფასო თანხების ხარჯზე წარმოქმნილი სახსრები გენდირექტორმა გამოიყენა საკუთარი თავისა და მისთვის მისაღები პირებისთვის 300- და 200%-იანი პრემიების გამოსაწერად, კანონდარღვევით გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის კი არ გადაუხდია სახელფასო დავალიანება საბოლოო ანგარიშსწორების სახით, რაც ასევე კანონდარღვევაა.
"მოვითხოვთ კონტროლის პალატის მიერ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარებულ იქნას კომპლეკსური რევიზია, მათ შორის შესწავლილ იქნას 1-ლი კორპუსის ძირითადი წიგნსაცავის და წიგნადი ფონდის მდგომარეობა. ასევე მოვითხოვთ პროკურატურამ შეისწავლოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის ხელმძღანელობის მიერ 2007 წლის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების საკითხი", _ აცხადებს ჩხარტიშვილი.