დღეს, 2 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კამპანიის - "ეს შენ გეხება" - ორგანიზატორი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ.
კამპანიის ორგანიზატორები დაინტერესებული პირებისთვის გამართავენ მრგვალ მაგიდას, სადაც ისინი ისაუბრებენ როგორც არსებული კანონმდებლობით დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე, ისე მათ მიერ მომზადებულ წინადადებაზე, რომელიც, მათი აზრით, უზრუნველყოფს კანონის დემოკრატიულობას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები გაავრცელებენ ორ მიმართვას, რომლის ადრესატებიც არიან საქართველოს ხელისუფლება და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR).