რუსეთის, ჩინეთისა და კუბის წარმომადგენლებმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში სირიის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. რეზოლუციაში არის მოწოდება, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ხორციელდება და გზა გაეხსნას ქვეყანაში ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესვლას. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჟენევაში დღეს წარმოდგილ რეზოლუციას 37 ქვეყანამ მისცა ხმა, ოთხი დელეგაცია კი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, მათ შორის სირიის დელეგაცია, რომელმაც პროტესტის ნიშნად დებატები ჯერ კიდევ სამშაბათს დატოვა.
რეზოლუციას რეკომენდაციული ხასიათი აქვს. იგი გმობს "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ფართო დარღვევას სირიის ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის დაგმობილია მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, თვითნებური დახვრეტები, დემონსტრანტების, უფლებების დაცველებისა და ჟურნალისტების მკვლელობები და დევნა. ასევე გაკრიტიკებულია საკუთარი მოსახლეობის მიმართ ხელისუფლების მიერ ტანკებისა და არტილერიის გამოყენება".