"პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში გახლდათ ლუსტრაცია იმისა, რომ ხელისუფლება არ არის მზად ქვეყანაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს მოსახლეობის დასაქმების და უმუშევრობის გადაჭრის სტრატეგიული გეგმა, ასევე არაფერი თქმულა ქვეყნის ეკონომიკის დარგობრივი განვითარების პერსპექტივაზე, რაც მოსახლეობის დასაქმების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა.
"ნაცვლად, პრეზიდენტი დაგვპირდა ახალ სამუშაო ადგილებს ჰესების მნიშვნელობაზე და ტურისტების მომსახურეობისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ეს დასაქმებას არ ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ასიათასობით კვალიფიციური უმუშევარია, დრაკონული შრომის კოდექსი დასაქმებულს საშუალებას აძლევს იაფი მუშახელი დაასაქმოს უცხოეთიდან (ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი), ხოლო მისთვის არასასურველ ადგილობრივი სამუშაოს მაძიებელი ან საერთოდ არ მიიღოს, ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლოს სამსახურიდან", - აღნიშნა სოფრომაძე.
მისი მტკიცებით, სიცრუეა სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქე სათანადო კვალიფიკაციის უქონლობის გამო საკუთარ ქვეყანაში ვერ ახერხებს უცხოელისთვის კონკურენციის გაწევას.
"რაც შეეხება თითქოს და ნოვატორულ პროფორიენტაციისა და პროფესიული გადამზადების პროგრამას, მსგავსი პროექტები საქართველოში ჯერ კიდევ 15 წლის წინ არსებობდა და შემდეგ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევით იქნა გაუქმებული", - აღნიშნა სოფრომაძე.
"დემოკრატიული მოძრაობის" წევრის განცხადებით, "მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2/3 ღარიბ-ღატაკია, აბსოლუტურ უმრავლესობას კი არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი და სოციალურად დაუცველია, სახელმწიფოს უმაღლესი ტრიბუნიდან მხოლოდ იმის შემოძახება, რომ "ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი", ვერაფერი ნუგეშია, პირიქით საქართველოს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ყოველდღიურად უმძაფრდება არასტაბილურობის განცდა და შიში იმისა, რომ ხვალ კიდევ უფრო გაძნელდება ოჯახის რჩენა და ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა".