"დემოკრატიული მოძრაობა" არ აპირებს რომელიმე კოალიციაში ან რომელიმე საარჩევნო ბლოკში გაწევრიანებას. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" უმაღლესი საბჭოს წევრმა გია კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს პოლიტიკური პაექრობის დღო არ არის.
"ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე კოალიციაში, ან რომელიმე საარჩევნო ბლოკში გაწევრიანებას. საერთო სახელმწიფო და ქართველი ერის ინტერესებისგან გამომდინარე გვერდზე ვწევთ ყოველგვარ პარტიულ და კერძო ამბიციას, უარს ვამბობთ მანდატებზე და პორტფელებზე და გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევასრულოთ ყველაზე მძიმე, ყველაზე შავი სამუშაო იმისთვის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები დიქტატორ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისათვის იყოს უკანასკნელი არჩევნები. უკვე ამის შემდეგ ჭეშმარიტად დემოკრატიული საარჩევნო კოდექსით და სამართლიანი საარჩევნო გარემოს პირობებში ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს რომელ პოლიტიკურ სუბიექტს რა პასუხისმგებლობას დააკისრებს ჩვენი ქვეყნის მართვაში", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, არჩევნები მოგებულ უნდა იქნას არჩევნებამდე და ნურავის ექნება განცდა, რომ ხელისუფლებას ხელისუფლება ქვეყნის გარედან აიძულებენ.
"ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ „ქართული დემოკრატიის გადასარჩენად" მავანი და მავანი გარედან აიძულებს ძალაუფლების მონად ქცეულ ყოფილ „შუქურას" უკან დახევას. უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, რა სანქციებით შეიძლება დაემუქრონ პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერები მრავალ მძიმე დანაშაულში მხილებულ საქართველოს პრეზიდენტს და მის ამალას, რომ ქართველი ხალხის სამსჯავროს წინაშე არსებული შიში გადაფარონ? გამარჯვების ფორმულა მარტივია: ხ ა ლ ხ ი დ ი ქ ტ ა ტ უ რ ი ს წინააღმდეგ. რაც იმას გულისხმობს, რომ ყველამ, ვინც რეალურად იბრძვის ქვეყანაში რეჟიმის შესაცვლელად, უნდა შექმნას ერთიანი ფრონტი და კომპლექსური სახის აქტივობებით ხელისუფლება ამყოფოს მუდმივი პრესინგის გარემოში", - აღნიშნა გია კობახიძემ.