ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად მოხსნის შესახებ ხელისუფლების PR-ნაბიჯს უწოდებს. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ამ ინიციატივის განხორციელების შემდეგ პრაქტიკულად არაფერი იცვლება, რადგან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ისედაც ადვილად შემოდიოდნენ.
"თუმცა ამას აქვს მეორე მხარეც. სააკაშვილი მუდმივად ლაპარაკობს რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე, მუდმივად გვაჩვენებენ ტელევიზორში, რომ რუსეთიდან შემოგზავნილებმა რაღაცა ყუმბარა ააფეთქეს ან აფეთქებას ამზადებენ და რუსეთი მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს და საჯაშუშო ღონისძიებებს ატარებენ. თუ ეს მართალია, რასაც სააკაშვილი საუბრობს, ასეთ შემთხვევაში, ნორმალური და ცივილიზებული სახელმწიფოები ამკაცრებენ სავიზო რეჟიმს და არა აუქმებენ. ან ისაა ტყუილი, როდესაც სააკაშვილი მუდმივად გველაპარაკება რუს ტერიტორისტებზე, რუს ამფეთქებლებზე, ან ეს არის ის პიარნაბიჯი რომელიც მას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ პიარისთვის გათვლილი და მეტი არაფერი", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველის პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდება.