სასტუმრო Raddison Blu Iveria-ს საკონფერენციო დარბაზში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ UNESCO-ს ნომინაციაზე წარსადგენი საკითხის - "ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის" - განსახილველი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიება USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით განხორციელდა.
შეხვედრაში მონაწილეობა UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის, საქართველოს საპატრიარქოს, სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ღვინის მწარმოებლებმა მიიღეს.
განიხილეს UNESCO-ში წარსადგენი ნომინაცია, ქვევრის ღვინის, როგორც არამატერიალური კულტურის ნიმუშის სპეციფიკა და უნიკალობა, ნომინაციაზე მომუშავე ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაო. ასევე საუბარი შეეხო არამატერიალური კულტურული მეკვიდრეობის დაცვის შესახებ UNESCO-ს კონვენციას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და დაცვის სპეციფიკას.
"ქვევრის ღვინის ტრადიციულ ქართულ მეთოდს" მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ქვევრის ღვინის შექმნის ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი, მეცნიერულად დადასტურებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგია. საქართველო უკვე მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია, როგორც ღვინის უძველესი ქვეყანა, სადაც ღვინის თემას უკავშირდება ღვინის დამზადების უძველესი ტექნოლოგია და მასთან დაკავშირებული 8000 წლის ისტორიული ტრადიციები. 2003 წელს იუნესკომ მიიღო კონვენცია "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ". საქართველო ამ კონვენციას 2007 წელს შეუერთდა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშები, კერძოდ ქართული ფოლკლორი, ჯერ კიდევ ამ კონვენციის შექმნამდე ითვლებოდა მსოფლიო დონის შედევრად.
საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მრავაფეროვნების მიუხედავად, პირველ ეტაპზე იუნესკოს მსოფლიო არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში წარდგენილი იქნება ნომინაცია ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული მეთოდი, რაც მსოფლიოში ქართული ღვინის პრეზენტირებისა და საქართველოს პოპულარიზაციის პერსპექტივას შექმნის.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე ტურიზმის სექტორის და მსუბუქი მრეწველობის განვივთარებას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო UNESCO-ში "ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის" ნომინაციის წარდგენაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. დოკუმენტაციის შექმნაში სპეციალურად შექმნილი სხვადასხვა დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი მონაწილეობს.
"არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ", საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 8 თებერვალის №91 ბრძანებულებით, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს - ქვევრს.