გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა რეზოლუციას სირიის საკითხზე, რომელშიც ბაშარ ასადის მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს ძალადობა.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს წევრმა 137-მა ქვეყანამ, წინააღმდეგ ხმა მისცა 12-მა, თავი შეიკავა 17-მა. გაეროს უშიშროების საბჭოს ორმა მუდმივა წევრმა, რუსეთმა და ჩინეთმა კვლავინდებურად უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს. ორივე ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.
გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა აღნიშნა, რომ რეზოლუცია ბაშარ ასადის ხელისუფლების იზილაციას ემსახურება და ქვეყანაში ვითარებას უფრო დაძაბავს.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს რუსეთმა და ჩინეთმა სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი მეორედ დაბლოკეს. გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი არ ასახავდა სირიაში არსებულ რეალიებს.
"კენჭისყრაზე გამოტანილი რეზოლუციის პროექტი არაადეკვატურად ასახავდა სირიაში არსებულ რეალიებს და სირიის მხარეებს არადაბალასებულ სიგნალებს უგზავნიდა,"- განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ჩურკინმა.
რეზოულციას პირველად ვეტო იმავე ქვეყნებმა 2011 წლის ოქტომბერში დაადეს.
ვეტო, რომელიც რუსეთმა და ჩინეთმა სირიის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას დაადეს, ბაშარ ასადის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს გააგრძელოს ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.
თავის სიტყვაში, გენერალურმა მდივანმა დასვა კითხვა: „კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, ვიდრე სირია შეწყვეტს სამოქალაქო ომისკენ სვლას?".