უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რამდენიმე ქვეყანასთან ამზადებს ახალ შეთანხმებებს შეიარაღებასა და თავდაცვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც გააფართოვებს არმიის შესაძლებლობებს.
„იქნება დამატებითი დახმარების პაკეტები. ჩვენ ცალკე - ძალიან კონკრეტულად - ვმუშაობთ ამერიკასთან, რათა უკრაინამ მიიღოს Patriot-ის სისტემების საჭირო რაოდენობა. ეს ადვილი ამოცანა არ არის, მაგრამ ეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა და გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებს.
ვაშინგტონში ვესაუბრე შეერთებული შტატების თავდაცვის კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ როგორც Patriot-ებს, ასევე სხვა საჭირო იარაღს. უკრაინასთან თანამშრომლობის საკმარისი სურვილი არსებობს - უკრაინას ენდობიან. მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში პოლიტიკურ დონეზე ამისთვის საკმარისი მხარდაჭერა იყოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია ბირთვული ენერგიის, ასევე გაზისა და ნავთობის სფეროში ერთობლივი მუშაობით.
„უკრაინის ინფრასტრუქტურას შეუძლია მთელი რეგიონისთვის უფრო მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოს და ამერიკა აშკარად დაინტერესებულია ამით.
საერთო ჯამში, ეს უკვე გაცილებით ფართო ევროატლანტიკური სტრატეგიის ნაწილია: ევროპაში ენერგეტიკული ბაზარი უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან, არამედ თავად მათი მიწოდების ფაქტისგანაც,“ - განაცხადა ზელენსკიმ.