ოფიციალური თბილისის შეფასებით, სეპარატისტული ცხინვალი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის საბაბს ეძებს. ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ცხინვალი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ აპირებს.
"სეპარატისული რეჟიმი მუდმივად საბაბის ძიებაშია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები თავიდან აიცილოს. ეს იმას ადასტურებს, რომ მას არ აქვს არსებული ვითარების განმუხტვის სურვილი. ამიტომაც ცდილობს, ჟენევის ფორმატი ჩვენთვის მუდმივი თავის ტკივილი იყოს", - განუცხადა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.