საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, გაფიცულ მოქალაქეებთან მივიდა. მან კომენტარი გააკეთა საქართველოში საყოველთაო გაფიცვის ტალღასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ პროტესტის ამ ფორმამ საქართველოშიც დაიმკვიდრა თავი.
"გაფიცვა ახალი გამოცდილებაა ქართველი ხალხის, რომელიც არის მსოფლიოში ძალიან გამოცდილი. იმ დროს, როცა ხელისუფლება, უფრო სწორად რეჟიმი შენ წინააღმდეგ ყველა ხერხს იხმარს და ყველა ფორმის რეპრესიას, იმ დროს ხალხის გამოხატვა თავისი წინააღმდეგობის ხშირად ამ ფორმით ხდება და მე მივესალმები, რომ საქართველოშიც ამ ახალმა ფორმამ დღეს დაიმკვიდრა თავი, იმიტომ, რომ ჩვენ დაგვჭირდება ყველა ფორმის წინააღმდეგობა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მიდის გამოწვევაზე, პროვოკაციაზე და უკვე არაფერს არ უფრთხილდება, მზად არის იმისთვის, პროვოცირება გაუკეთოს რაღაც ხალხთაშორის კონფრონტაციას, რომელიც არ არსებობს, არ იქნება და ვერ მიაღწევს შედეგს", - თქვა მან "ტვ პირველთან" საუბრისას.