საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს სოლვიტა აბოლტინას შეხვდა. ლატვიის რესპუბლიკის ახლად არჩეული სეიმი და საქართველოს პარლამენტი თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ. საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და გაუმჯობესება იყო შეხვედრის მთავარი თემა დავით ბაქრაძისა და სოლვიტა აბოლტინას შეხვედრაზე.
"ლატვია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატოს წევრობისა და ევროკავშირში მჭიდრო ინტეგრაციისკენ. საქართველოსთვის პოზიტიურ შედეგებს მოველით ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან", - განაცხადა ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველო არის ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ინიციატივის წარმატებული ნაწილი და ლატვია მხარს უჭერს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.
ბაქრაძემ ერთობლივ ბრიფინგზე ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე, თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზი გაუსვა, რომ ლატვიის პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ განცხადება მიიღო.
"ლატვია არის ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და ევროკავშირთან დაახლოებას. საქართველოს და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებობს ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობები და ჩვენ ლატვიელი კოლეგებისა და პარტნიორების ამ თანამშრომლობისთვის მადლიერი ვართ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბაქრაძემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წლიდან აქტიურად ვითარდება. "ვფიქრობთ ეს შეიძლება განხილული იყოს სხვადასხვა სახელმწიფოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ნიმუში," - განაცხადა ბაქრაძემ.
ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ეს მისი პირველი ვიზიტია პარლამენტის თავმჯდომარის რანგში. აბოლტინა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან.
ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე თბილისს 15 თებერვალს დატოვებს.