დღეს, 10 იანვარს, ცნობილ ქართველ დირიჟორს, კომპოზიტორსა და მომღერალს, ჯანსუღ კახიძეს 74 წელი შეუსრულდებოდა. ჟანსუღ კახიძე 1936 წელს მეღვინის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, დირიჟორის ჯგუფი, ჩნობილი და აღიარებული დირიჟორის, ოდისეი დიმიტრიადის ხელმძღვანელობით. სტაჟირება გაიარა საფრანგეთში მსოფლიოში ცნობილ დირიჟორთან იგორ მარკევიჩთან.
ჯანსუღ კახიძე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო კაპელას. იყო პოლონეთის ქალაქ ლოძის მიწვეული დირიჟორი. გამორჩეულია მისი დაინტერესება ქართული ფოლკლორით. მან დააარსა ანსამბლი "შვიდკაცა", რომელმაც 1957 წელს მოსკოვის მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო. ერთი წლის შემდეგ კი ბრიუსელის საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით.
1962-71 წლებში ჯანსუღ კახიძე იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1965-68 წლებში _ მთავარი დირიჟორი. 1971-73 წლებში იყო ლოძის თეატრის მიწვეული დირიჟორი. 1972 წელს მისი ინიციატივით ლოძის თეატრში დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი".
1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მას შექმნილი აქვს მუსიკა ფილმებისათვის _ "შერეკილები", "პირველი მერცხალი", "დათა თუთაშხია" და სხვა.
ჯანსუღ კახიძე იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, საქართველოს სახემწიფო პრემიის ლაურეატი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. მან თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა. დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლასკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის ორკესტრებს და სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს.
კახიძის სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება.
ჯანსუღ კახიძე 2002 წელს გარდაიცვალა.