პარლამენტის წევრთა 190 დეპუტატამდე გაზრდას არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითად ყურადღებას 2003 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამახვილებდნენ, რომლის მიხედვითაც, დეპუტატთა რაოდენობა 150-მდე შემცირდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, კანონმდებლობით, რეფერენდუმის გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა დასაშვები.
"თუკი 2003 წლის რეფერენდუმთან დაკავშირებით რაიმე სადავო იყო, ეს არავის არ გაუსაჩივრებია - მათ შორის არც იმ პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ის, რომ 2003 წლის რეფერენდუმის შედეგების კანონით დადგენილ ვადებში დამტკიცება და ძალაში შესვლა ვერ მოხდა, არ შეიძლება ხალხის მხრიდან გამოხატული ნების იგნორირების საფუძველი გახდეს", - მიმართა კუბლაშვილს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა თათული თოდუამ.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტით, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 190-მდე იზრდება. აქედან 107 დეპუტატი პროპორციული სისტემით, ხოლო 83 მაჟორიტარულით აირჩევა.